ომში უკრაინისთვის დახმარების გამო რუსეთში ალეკო ელისაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

1 week ago 4

ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ [პარტია „მოქალაქეები“] წევრს, ალეკო ელისაშვილს, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

რუსეთის პროკურატურა წერს, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში იბრძოდა, მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის, კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.

„ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - ასე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილი რუსეთის გადაწყვეტილებას მის დასაკავებლად ძებნის გამოცხადებაზე.

ალეკო ელისაშვილი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გაემგზავრა, უკრაინის მხარეს საბრძოლველად. მან იმავე წლის 13 მარტს დაწერა ფეისბუკზე, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. უკრაინაში დღემდე იბრძვის საქართველოს არაერთი მოქალაქე. 60-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.

სრულად წაკითხვა