ოპოზიცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს

4 weeks ago 7

5 იანვარს გამოქვეყნებულ საერთო წერილში სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადოს, ვიდრე ქართული ოცნების მთავრობა არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მიმართ.

წერილში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების თვითგამოცხადებული რეჟიმის ერთადერთი მიზანი 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგების, მისი არალეგიტიმური ერთპარტიული “პარლამენტისა” და “პრეზიდენტის” საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა.”

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას” და “ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.”

მოგვიანებით, პია კაუმას ცალკე წერილით მიმართა და ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის. პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პლატფორმა X-ზე დაწერა, “ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს შესაძლოა მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში.”

ოპოზიციური ძალების საერთო წერილს წინ უძღოდა რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის კრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მიმართ. 4 იანვარს ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი რიჩარდ კოლი პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა 8-10 იანვარს პრეზიდენტ კაუმას დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში და მას “გამანადგურებელი და უდროო სვლა” უწოდა. “მსგავსი ვიზიტით გაიმარჯვებს რეჟიმის პროპაგანდა, ლეგიტიმაცია მიეცემა ავტოკრატიის ჩამოყალიბებას, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა მნიშვნელოვნად დაზიანდება,” დაწერა კოლმა. კაუმას დაგეგმილ ვიზიტს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეც გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ ვიზიტი მხოლოდ “ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის იქნება გამოსადეგი.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა