ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს, პარლამენტთან დღეს 19:00 სთ-ზეც შეიკრიბონ

2 weeks ago 9

დღეს, 2 მაისს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას დღეს 19:00 საათზეც შეუერთდნენ.

ოპოზიციამ პარლამენტის ჭიშკართან ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილი ყველა სხდომა გაუქმდა. მათ შორის გაუქმდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.

„ეს არის შიშის გამოვლინება, რადგან დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, როდესაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

მე ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე საერთოდ გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა უკვე საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან. ამიტომ მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება.

მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს. დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სრულად წაკითხვა