ოპოზიციური კოალიციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

3 weeks ago 12

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოთხი ოპოზიციური გაერთიანება [„ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“] ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ისინი გმობენ ძალოვნების ძალადობას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე აღნიშნავენ ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას.

„ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი საერთო სახელმწიფოს გადასარჩენად. თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.

შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.

ერთად მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები. ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა