ოპოზიციური პარტიები ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების დასჯას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

2 weeks ago 8

არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები, პროევროპული აქციებისას ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემას და აქციებში მონაწილე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ეს ერთობლივი განცხადება მათ ბათუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთეს.

„საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ე.წ. სამართალდამცავები ეწევიან მასიურ ტერორს, ადამიანებს აშინებენ, ფიზიკურად ძალადობენ მათზე. ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმის, არის აღმაშფოთებელი. ადამიანებს საათობით ტოვებენ გარეთ, კეტავენ მათ ოთახებში, ასხამენ გაზს, ურტყამენ, ამტვრევენ ძვლებში, დიდი ხნის განმავლობაში აწამებენ, იღებენ ამას ვიდეო-კამერებით.

ეს არის შემზარავი და ეს არის დანაშაული, ეს დანაშაული არავის შერჩება, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლებიან, რადგან ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილნი და დაპატიმრებულნი და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი.

მათივე განცხადებით, „ქართული ოცნება“, სხვადასხვა პარტიის ოფისებსა და აქტივისტების ბინებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობს შეთქმულება, რომლის მიზანიცაა არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება: „ეს ასე არ არის, ყველამ კარგად ვნახეთ, ვინ ძალადობს“.

ერთობლივ განცხადებას ახლავს არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების უცვლელი მოთხოვნა - ახალი არჩევნების ჩატარება:

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ შესაძლოა, ჰოლანდიამ მოითხოვოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ის კურსი, რომელსაც ადგა ქართული ოცნება აქამდე მიგვიყვანდა.

ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება საერთო შეთანხმებებს, საერთო ღირებულებებს და მათ არღვევს „ქართული ოცნება“. თუკი ეს დაიკარგა, ეს იქნება საქართველოს ნაბიჯია 90-იან წლებში დაბრუნებისა. საქართველოს იზოლაციისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ და ეს არის ის, რაც არავინ არ უნდა დავუშვათ და აქედან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რათა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და გააგრძელოს განვითარება ისე, როგორც ამას იმსახურებს ეს ქვეყანა და როგორც ესაჭიროება ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

აქციების დაშლისას დაკავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი. ბოლო ორი დღეა შსს-ს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ განცხადება აღარ გაუვრცელებია.

ბოლო ორ დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, აფეთქების მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 პირი დააკავა.

საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის, 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულთა ნაწილს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა. ნაწილთა სასამართლო სხდომები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 4 და 5 დეკემბერს, თბილისში ათამდე პირის საცხოვრებელ ბინაში ჩაატარა ჩხრეკა.

სრულად წაკითხვა