ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა, „დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“. განცხადება ერთი დღით უსწრებს წინ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ სარჩელზე მოსმენების დაწყებას.
„ამ პროცესების შედეგის წინასწარ განსაზღვრის გარეშე და სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მოვუწოდებ მმართველ უმრავლესობას, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“, — აღნიშნა ბერსემ 20 ოქტომბერს LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლიტიკური პლურალიზმი „არსებითი მნიშვნელობისაა ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების ქვაკუთხედს წარმოადგენს“. ამასთან, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარე, საქართველო „ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, ასევე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება“.
„ეს უფლებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას აძლევს, დაორგანიზდნენ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები და მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კონკურენციაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოითხოვს განსაკუთრებით მყარ დასაბუთებას პოლიტიკური პარტიის გაუქმებისთვის, რაც უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია, რომლის ნაწილიც საქართველოცაა“, – განაცხადა ბერსემ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველ უმრავლესობას „ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის ლეგიტიმურ როლს, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ“. ბერსეს თქმით, მმართველი პარტია, „რომელიც ცდილობს, მოხსნას დემოკრატიული შეზღუდვები საკუთარ ძალაუფლებაზე, ასუსტებს სწორედ იმ ქვეყანას, რომელსაც თავად ემსახურება“.
„ეს პროცესები მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მიმართ მზარდი შეზღუდვების ფონზე. მთლიანობაში, ამ მოვლენებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შეკავებისა და გაწონასწორების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია“, — აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ბერსეს თქმით, ევროპის საბჭო „ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გააგრძელებს დიალოგს საქართველოსთან, რათა უზრუნველყოს კონვენციის დაცვა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ვალდებულებების შესრულებაში, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და მისი ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები