ოთხმა ძირითადმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ – კოალიციამ ცვლილებისთვის, ძლიერმა საქართველომ, გახარია საქართველოსთვის და ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ – 5 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციური საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. ცენტრის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და დეტალები ოპოზიციის ქმედებების, გეგმებისა და გადაწყვეტილებების შესახებ.
ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის დროს დაკავებულებს.
„რეჟიმი გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. მას მხედველობაში ჰქონდა 4 დეკემბერს, პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებში პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებზე. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ ამოღებული ნივთებიდან არც ერთი იყო უკანონო, ხოლო ინფორმაცია მოლოტოვის კოქტეილების პოვნის შესახებ ყალბია. მისივე თქმით, ის პოლიციამ მოიგონა.
ოპოზიციის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაკავებულთა დიდ რაოდენობა, რომელთაგან ბევრი თბილისის იზოლატორების გადატვირთულობის გამო დედაქალაქის ფარგლებს გარეთაა გადაყვანილი. ლიდერებმა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან ახალ არჩევნებზე დაუპირისპირდნენ „არალეგიტიმურ რეჟიმს“. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა ძალოვან სტრუქტურებს არ მიიღონ მონაწილეობა არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანებების შესრულებაში.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმის მიერ ძალის გადამეტებით გამოირჩეოდა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება და ამის მაგალითად მან ეუთოს დღეს გახსნილ მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მოსალოდნელი დისკუსიები დაასახელა.
რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, უკვე დაუწესეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს ძალადობასთან არიან დაკავშირებულნი. იმავდროულად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მან სპეცრაზმის სისასტიკის გამოძიებაც მოითხოვა. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მზარდი ზეწოლა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ უფრო ღრმა შეშფოთებას უსვამს ხაზს.
აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია „2028 წლამდე“ შეჩერდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/12/2024 – სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროევროპული აქციების დროს პოლიციის სავარაუდო ძალადობას იძიებს
- 04/12/2024 – საია: სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულში არიან ჩართულნი
- 04/12/2024 – უკრაინის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირების გეგმაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური)