როგორც „მაღაროელის“ ფეისბუკგვერდი იუწყება, „მშრალ შიმშილობაზე“ მყოფი ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა - მან უარი თქვა სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
„პროტესტმა კიდევ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. მირზა ლოლაძემ, რომელსაც პირი ამოკერილი აქვს პროტეატის ნიშნად , მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა“, - აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურაში მაღარო დასაქმების მთავარი ადგილია, მანგანუმის მოპოვება კი შემოსავლის მთავარი წყარო. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ბოლო რამდენიმე თვეა უწყვეტად ითხოვენ.
29 აპრილს პოლიციამ პროტესტში ჩართული ოთხი მაღაროელი დააკავა. მათ ბრალი წაუყენეს მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობას. გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანსა და აჩიკო ჭუმბურიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წაუყენეს. ამ დანაშაულისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
მაღაროელებმა თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი 126 დღის წინ დაიწყეს, მათ შორის ბოლო 15 დღის განმავლობაში მათი ნაწილი შიმშილობს.
ოთხივე მაღაროელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მორიგი სხდომა 17 ივლისს გაიმართება.