მხედველობის გაუარესება ასაკის მატებასთან ერთად ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. თუმცა თვალების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როდესაც მხედველობა გვიქვეითდება. სპეციალისტების განმარტებით, კვებასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თვალის ზოგიერთი დაავადების რისკის შემცირებაში.
მაგალითად, კვერცხისა და ისპანახის რეგულარული მიღება თვალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რაც კვლევებით დადასტურებულია. ეს ორივე პროდუქტი შეიცავს ლუტეინსა და ზეაქსანტინს – ბუნებრივ პიგმენტებს, რომლებიც კაროტინოიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ბადურა გარსის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის, ყვითელი ხალის (მაკულა) ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
რატომ არის სასარგებლო კვერცხი
კვერცხის ზომიერად მიღება შესაძლოა ასაკთან დაკავშირებული მაკულური დეგენერაციის განვითარების დაბალ რისკთან იყოს დაკავშირებული.
15-წლიანი კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც კვირაში ორიდან ოთხ კვერცხს მიირთმევდნენ, ასაკთან დაკავშირებული მაკულური დეგენერაციით უფრო იშვიათად ავადდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც კვირაში ერთ კვერცხს იღებდნენ ან საერთოდ არ ჭამდნენ.
მაკულური დეგენერაცია აზიანებს ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილს – მაკულას, რომელიც პასუხისმგებელია მკაფიო ცენტრალურ მხედველობაზე. მისი დაზიანების შედეგად ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს კითხვა, სახეების გარჩევა და ისეთი ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც დეტალების დანახვას მოითხოვს. დაავადების მძიმე ფორმებმა კი შესაძლოა მხედველობის მნიშვნელოვანი დაკარგვა გამოიწვიოს.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები კვერცხის მოხმარებასა და დაავადების რისკს შორის კავშირს აჩვენებს და არა იმას, რომ კვერცხი დაავადებისგან გარანტირებულად გვიცავს.
ისპანახი – ლუტეინისა და ზეაქსანტინის წყარო
მეორე პროდუქტი, რომელსაც ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ისპანახია. ეს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული ლუტეინისა და ზეაქსანტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი წყაროა.
ეს ნივთიერებები თვალის ბადურა გარსში, განსაკუთრებით კი მაკულაში გროვდება. ისინი ანტიოქსიდანტების ფუნქციას ასრულებენ და ხელს უწყობენ თვალის ქსოვილების დაცვას სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დაზიანებისგან.
ამიტომ მუქმწვანეფოთლოვანი ბოსტნეულის რეგულარულად მიღება თვალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვებითი ჩვევაა.
ისპანახის გარდა, ლუტეინსა და ზეაქსანტინს შეიცავს:
- კომბოსტოს ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით კალე;
- ბროკოლი;
- სატაცური;
- მწვანე ბარდა;
- ფოთლოვანი სალათები.
აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის (AAO) განმარტებით, ამ ნივთიერებების შემცველი პროდუქტები ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია და შესაძლოა ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადებებისგან დაცვის პროცესშიც გარკვეული როლი შეასრულოს.
მხოლოდ ორი პროდუქტი საკმარისი არ არის
მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი და ისპანახი თვალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებია, სპეციალისტები გვირჩევენ, კვება მრავალფეროვანი იყოს.
თვალების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია C და E ვიტამინები, თუთია, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და სხვა საკვები ნივთიერებები. მათი მიღება შესაძლებელია ციტრუსების, კენკრის, თხილეულის, თევზის, პარკოსნებისა და სხვადასხვა ბოსტნეულის საშუალებით.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვერცერთი ცალკეული პროდუქტი ვერ შეაჩერებს მხედველობის ყველა ასაკობრივ ცვლილებას და ვერ ჩაანაცვლებს ოფთალმოლოგთან რეგულარულ ვიზიტს.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ასაკთან დაკავშირებული მაკულური დეგენერაციის რისკის მქონე ადამიანებს. აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტის (NEI) ინფორმაციით, გარკვეული შემადგენლობის სპეციალური დანამატები – AREDS2 – შესაძლოა დაეხმაროს უკვე შუალედურ სტადიაზე მყოფი დაავადების პროგრესირების შენელებას, თუმცა მათი მიღება ყველასთვის საჭირო არ არის და ექიმთან შეთანხმებას მოითხოვს.
კირა კარიაული
დაკავშირებულ თემაზე: იოგას 5 სავარჯიშო კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად
nostal.ge ახალი ამბები