“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი მანჯგალაძე

22 hours ago 10

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, სააპელაციო სასამართლოში 20 ივლისს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით საუბრობს და დეტალურად აღწერს ფაქტებს, რომლებიც, ნინი მანჯგალაძის განმარტებით, პირდაპირ მიუთითებს პაატა მანჯგალაძის უდანაშაულობაზე:

ორშაბათს მამაჩემის, პაატა მანჯგალაძის სააპელაციო სასამართლო პროცესია. მინდა ფაქტებით დაგანახოთ ის სამართლებრივი განუკითხაობა, რის გამოც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს თუ რამდენად დაუცველია თითოეული ჩვენგანი, როცა მართლმსაჯულება პოლიტიკურ შაბლონად აქცევს ადამიანის ბედს.

კონკრეტული შეუსაბამობები, რომელთა გაბათილებაც საქმეში არსებული მასალებითაც კი მარტივია:

1. მამა არ ყოფილა აქციის ორგანიზატორი, ამას თავადვე ამბობდა პირველივე დღიდან!
პირველი ინსტანციის განაჩენში მამა აქციის ორგანიზატორად არის გამოყვანილი. რეალობა კი ისაა, რომ 4 ოქტომბრამდე მამა ყველა მედია საშუალებასთან ხაზგასმით აცხადებდა: მხარს ვუჭერ პროტესტს, როგორც რიგითი ქართველი, მაგრამ ორგანიზატორი არ ვარ. ის მთელი თვის განმავლობაში არცერთ საორგანიზაციო ფორმატში არ ყოფილა.
ბრალდება ეყრდნობა შეხვედრისას გადაღებულ 59-წამიან სპონტანურ ვიდეოს, სადაც ბატონი პაატა ბურჭულაძე „საორგანიზაციო კომიტეტს“ ახსენებს. მამას პასუხი „ეს ჯგუფი იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი“ იყო უბრალო, წამიერი რეაქცია მოულოდნელ პერფორმანსზე. (ამას თვითონ ბატონი პაატა ბურჭულაძის განმარტებაც ადასტურებს სასამართლოზე);

2. ბიზნესცენტრში შემთხვევითი მოხვედრა.
მამა რუსთაველზე, თავის ოფისთან მედიასთან ჩასაწერად მივიდა. თავად ჟურნალისტებმა სთხოვეს, გადამღები ჯგუფების დეფიციტის გამო, გვერდითა ბიზნესცენტრის ფოიეში (სადაც ბანკის ოფისია) შესულიყო, რადგან ყველა იქ იყო. იქ მოხდა ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაც, რაც ბრალდებამ წინასწარ განზრახულ შეთქმულებად შეფუთა;

3. ორბელიანის სასახლესთან ფეხიც არ დაუდგამს!
განაჩენში წერია უდიდესი ტყუილი, თითქოს მამა სხვა ლიდერებთან ერთად მსვლელობით წავიდა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. რეალურად მამა იქ საერთოდ არ ყოფილა. (ამასთან დაკავშირებით არც ერთი ფაქტი და მტკიცებულებაც არ აქვთ წარმოდგენილი);

4. გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ შემდგარა.
სასამართლომ მტკიცებულებად ჩაწერა, თითქოს მამა სცენაზე სიტყვით გამოვიდა. სინამდვილეში, ის სცენის უკან რიგს ელოდებოდა და Euronews-ს ეწერებოდა. სანამ მისი გამოსვლის ჯერი მოვიდა, აქცია დაიშალა. (ტექსტი რომლითაც გამოსვლას აპირებდა და არ შედგა, დაკავების დროს ამოიღეს მისი ჯიბიდან, გამოსვლის ტექსტის შინაარსი კი არანაირ კავშირში არ არის იმასთან რაც ბრალდებაში წერია);

5. აბსურდის მწვერვალი: 2024 წლის განცხადება 2025 წლის „დანაშაულის“ მტკიცებულება!
მოსამართლემ განაჩენში სიტყვასიტყვით გადმოაკოპირა პროკურატურის ტექსტი და მტკიცებულებად ჩაწერა მამას მოწოდება: „დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!“. ამ ტექსტში კრიმინალური არაფერია, მაგრამ მთავარი საოცრება სხვაა: ეს განცხადება მამამ გააკეთა 2024 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის სრულიად სხვა აქციაზე! რა სამართლებრივი კავშირი აქვს ერთი წლის წინანდელ პოლიტიკურ მოწოდებას 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან? ამ „სტანდარტით“ ადამიანის 7 წლის გამოკეტვა არის პირდაპირი უკანონობა!

ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი, თუ ადამიანებს მხოლოდ პროკურატურის გამზადებული შაბლონების გადმოწერით სჯიან?” – აცხადებს ნინი მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა