ოთხშაბათს, 23 იანვარს ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა. ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო 97-ე დაჯილდოების ცერემონია ორჯერ გადაიდო, თუმცა გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიაში ყველაზე პრესტიჟული პრემიის გადაცემის ცერემონია 2 მარტს გაიმართება.
ლიდერობს ფრანგული კრიმინალური კომედია „ემილია პერესი“ (რეჟისორი – ჟაკ ოდიარი), რომელიც ყველაზე მეტ, 13 ნომინაციაზეა წარდგენილი. 10-10 ნომინაციაზეა წარდგენილი ორი ფილმი – ამერიკელი რეჟისორის, ბრედი კორბეტის „ბრუტალისტი“ და ამერიკელი რეჟისორის, პროდიუსერისა და სცენარისტის, ჯონ ჩუს „ალქაჯი“. აღსანიშნავია, რომ „ბრუტალისტში“ ქალის მთავარ როლს დემი მური ასრულებს, რომელიც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზეა წარდგენილი. ამ როლისთვის მსახიობმა „ოქროს გლობუსი“ უკვე მიიღო, რომელიც 62 წლის ვარსკვლავის 45-წლიან კინოკარიერაში (იგი 60-ზე მეტ ფილმსა და 9 სერიალშია გადაღებული) პირველი პრესტიჟული ჯილდოა. ამჯერად კინოკრიტიკოსები მას „ოსკარზე“ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
„ოსკარზე“ წარდგენილ ფილმში „კონკლავი“ (რეჟისორი – ედვარდ ბერგერი) ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი რეიფ ფაინსი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაზეა წარდგენილი.
ნომინანტების სრული სია ნახეთ ამ ბმულზე: .cnn.com/2025/01/23/entertainment/oscar-nominations-academy-awards
ნინო ხოშტარია