“ქართული ოცნება” ადასტურებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში ნამდვილად დააყენა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. ამის შესახებ “ოცნება” ამ სატელეფონო საუბრის თაობაზე გავრცელებულ მეორე განცხადებაში წერს.
“საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.
ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე, პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ და მოითხოვა, გაათავისუფლონ ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებები“, — ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის გათვალისწინებით.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ოცნების“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.