WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”. ამის შესახებ დღეს განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა.

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ 
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის (ან წარდგინების) რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. საქმის განხილვის ვადას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი (ან შესაბამისი კოლეგია) არაუმეტეს 2 თვით ახანგრძლივებს.

თუმცა მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ასეა ახლაც, გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვეა სამსჯელოდ.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. “ოცნება” სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველს სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვაც.

„მიუხედავად მათი წარსულისა, ჩვენ მათ საპარლამენტო ცხოვრებაში რეალურად ჩართვის შანსი მივეცით. თუმცა, პირველი და უმთავრესი, რაც ვნახეთ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების უხეში და თავხედური არაღიარებაა. ამას ემატება მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება თუ კომენტარი როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. საზოგადოებისთვის ნათელია, რეალურად ვის და რას წარმოადგენენ ისინი”, – ასე დაასაბუთა კირცხალიამ პარტიის აკრძალვის აუცილებლობა.