"ოცნება" გახდა სააკაშვილის პერიოდზე უარესი - გაიმეორა და დაამატა რუსეთი - პრეზიდენტი

2 weeks ago 7

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობა წინა ხელისუფლებას შეადარა და თქვა, რომ იგი გახდა მიხეილ სააკაშვილის პერიოდზე უარესი - "გაიმეორა და დაამატა რუსეთი".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"ოცნებას" ერთი სული აქვს, მიშა იყოს მისი ერთადერთი ოპონენტი. თუ რაიმე ხმები შიენარჩუნეს საზოგადოებში, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ახსოვთ ის პერიოდი, რომელიც არ უნდათ რომ დაბრუნდეს. ამაზე მუდმივად აპელირებს "ოცნება", რომ აი, ჩვენ სხვა ვართ.

ოცნება დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამ, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი ხდება "ოცნებაშიც", დაუმატა რუსეთი. ამიტომ არის მიუღებელი და მიუღებელია ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის.

დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც შეიძლება არჩევნების პერიოდშიც, გაყალბების გარეშეც აძლევდნენ "ოცნებას" ხმას, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი არ არის მზად რუსეთისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა მმართველ ძალას. პრეზიდენტის კრიტიკა გამწვავდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რის გამოც შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

მანამდე იყო მისი იმპიჩმენტის მცდელობა და მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის საფუძველი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობდა, რითაც დაარღვია კონსტიტუცია.

იმპიჩმენტი არ შედგა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, პარლამენტში ვერ მოგროვდა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა, ასი დეპუტატი. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 86-მა წევრმა.

სრულად წაკითხვა