საქართველოს მთავრობა კვლავ არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოდან სპიკერებს შორის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა.
გაფართოების ფორუმის მონაწილეებს შორის არიან მაღალი დონის ეროვნული და რეგიონული პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები და პოლიტიკის ექსპერტები როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე გაფართოების ქვეყნებიდან.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები — ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერჰი კორეცკი, ალბანეთის პრემიერი ედი რამა, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ესპანეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.
2026 წლის გაფართოების ფორუმის „ფართო ევროპა — უფრო ძლიერი ევროპა“ მიზანია განიხილოს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაგეგმილი ცვლილებების ფონზე. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ, როგორ შეუძლია ევროკავშირს დამსახურებაზე დაფუძნებული გაწევრიანების პროცესის დაჩქარება.
„გაფართოება ჩვენთვის გეოსტრატეგიული იმპერატივი და გრძელვადიანი ინვესტიციაა ჩვენს მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ის დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებული. თუმცა, ის უფრო დინამიკური უნდა გახდეს, რადგან დამსახურებაზე დაფუძნებული არ ნიშნავს ნელ ტემპს. ეს ნიშნავს სამართლიანს და პროგნოზირებადს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი უკვე მეორედ მასპინძლობს გაფართოების ფორუმს. ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის კომუნიკაციის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფორუმზე არც წინა წელს მიუწვევიათ.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში
netgazeti