“ოცნებას” კიდევ 8 ქვეყნის სანქციები გარანტირებული აქვს”– ხიდაშელი

4 days ago 9

პოლონეთის მიერ ივანიშვილის რეჟიმის 8 წარმომადგენლისთვის სავიზო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პირველ კომენტარს აკეთებს და ტვ პირველთან ამბობს:

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლონეთი თავს იკავებდა სწორედ იმიტომ, რომ ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა ამ წუთას და იყო ერთგვარი მოლოდინი, რომ ივლისამდე სანქციები არ იქნებოდა და ზაფხულში მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად დააჩქარა ელვისებური სისწრაფით მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა.

75 წამს რომ მოანდომებს პარლამენტი რაიმე კანონის განხილვას, მნიშვნელობა არ აქვს რა თემაზე არის ეს კანონი, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ დემოკრატიის ნიშანწყალი აღარ არსებობს. მინიმუმ 8 ქვეყანა უკვე მზადყოფნაშია. სანქციების ტექსტი, სარეზოლუციო დოკუმენტები მზად არის, უბრალოდ დროის ამბავია. ამ ეტაპზე, “ქართულ ოცნებას” 8 ქვეყნის სანქციები გარანტირებული აქვს.” – განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა – ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოხვდა სანქციათა სიაში, თუმცა პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქცირებულთა შორის არიან ძალოვანებიც.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმის 8 წარმომადგენელს სანქციები ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის პასუხად დაუწესა.

სრულად წაკითხვა