„ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად

1 week ago 5

12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების, საჯარო სექტორში ასობით დასაქმებულის პროტესტისა და, ასევე, პოლიციელთა რიგებში წინა წლებში კლებისა და მიმდინარე აქციებით სავარაუდო გადატვირთულობის ფონზე, „ქართული ოცნება“ დეკემბრიდან არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ეს ინიციატივები ადამიანის უფლებების დათრგუნვისკენაა მიმართული და „ქართული ოცნება“ ეცდება, ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე.

უნიღბოდ აქციაზე - დემონსტრანტი თუ პოლიციელი?

ბოლოდროინდელ საპროტესტო დემონსტრაციებზე საუბრისას, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ამ მოვლენებმა გვაჩვენა, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისევე საჯარო შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში“.

მისი თქმით, ამ ორ საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე კვირაში განიხილავს პარლამენტი.

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჯერჯერობით კანონპროექტები პარლამენტის საიტზე არ ატვირთულა და მათი დეტალური შინაარსი უცნობია.

„ნიღბების ტარების აკრძალვა ადამიანებს არაპირდაპირ უზღუდავს შეკრების თავისუფლებას“, - ამბობს საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი.

„ამით „ქართული ოცნება“ ჯარიმებით ემუქრება ადამიანებს, თუ საერთოდ გავლენ აქციაზე. ისინი სჯიან ადამიანებს იმისთვის, რომ უკეთიათ აირწინაღები და არ სუნთქავენ მათ მიერ გაშვებულ გაზს“, - ამბობს იგი.

საბა ბრაჭველის შეფასებით, ეს ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი („სპეცრაზმი“) და, ზოგადად, პოლიციის შემადგენლობა თავად იყენებენ ნიღბებს აქციებზე.

„და გარდა იმისა, რომ ნიღბებით დგანან, მათ არ გააჩნია საიდენტიფიკაციო ნიშნები არცერთ. ეს კი გაკრიტიკებული აქვს არამარტო შიდა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის თამადობით, არამედ საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია, რომ არასწორი პრაქტიკაა. ასეთ დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური უძლურია საკუთარი მისია შეასრულოს, რადგან შსს ეუბნება, რომ ვერ ახდენს პოტენციური დამნაშავის იდენტიფიცირებას“, - ამბობს იურისტი.

პოლიციელები ნიღბებით დემონსტრაციაზე. 7 დეკემბრის ფოტო

პოლიციელები ნიღბებით დემონსტრაციაზე. 7 დეკემბრის ფოტო

„რეგულირებული პიროტექნიკა“

შალვა პაპუაშვილმა 9 დეკემბერს ისაუბრა პიროტექნიკის რეგულირებაზეც და არგუმენტად წინა წლებში ცხოველთა უფლებათა დამცველების პოზიციები მოიტანა.

ჯერ არც ეს კანონპროექტი გამოქვეყნებულა, თუმცა პარლამენტის პრეს-ცენტრი განმარტავს, რომ ცვლილები 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და ამის შედეგად, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკა საპროტესტო აქციაზე.

პიროტექნიკა საპროტესტო აქციაზე.
  • წესების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება - ჯერ 5000, განმეორების შემთხვევაში კი 6000 ლარის ოდენობით.
  • ამასთან, „პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას“;
  • ჯერ გაურკვეველია, ვის ექნება პიროტექნიკის „ფლობის/გამოყენების“ უფლება.

თუმცა „ქართული ოცნება“ უკვე ებრძვის პიროტექნიკას, - მას შემდეგ, რაც პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების ნაწილი პიროტექნიკას პოლიციის წინააღმდეგ იყენებს.

4 დეკემბრიდან ფეიერვერკები, რომლებსაც აქციის მონაწილეები ისროდნენ, დეფიციტური პროდუქტი გახდა. პიროტექნიკის არაერთი მაღაზია დროებით დაიხურა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს გეგმური შემოწმებაა და როგორც კი შეამოწმებენ, მაღაზიები ისევ გაიხსნება.

„პიროტექნიკის მოხმარება ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილია და მის შეზღუდვას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს… ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ბლანკეტურად და არაპროპორციულად შეზღუდვა“, - ამბობს საბა ბრაჭველი.

საჯარო სამსახურებში „რეორგანიზაცია“

9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მორიგი საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა: „საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივება“.

მისი თქმით, ცვლილება შევა „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ და ეს ცვლილება „უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“.

პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილება, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა თუ სხვა არაერთი უწყების თანამშრომლების ნაწილმა.

„რეორგანიზაცია, რაც ისედაც საკმაოდ მარტივი პროცესი იყო, კიდევ უფრო მარტივდება“, - ამბობს საბა ბრაჭველი და იხსენებს, რომ შრომით დავებს „სასამართლოს კლანის პირობებში კი იგებდნენ ადამიანები - მაგალითად, ხელოვნების დარგში, მუზეუმებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანები“.

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, თავადაც დაშავდა პროევროპულ დემონსტრაციებზე

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, თავადაც დაშავდა პროევროპულ დემონსტრაციებზე

„ამ ცვლილებით, უბრალოდ, დაკანონდება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს შრომით უფლებებსაც ანგრევს და გამოხატვის თავისუფლებასაც“, - მიიჩნევს საბა ბრაჭველი.

„საბოლოო ჯამში, ამ უფლებების შეზღუდვით ჩვენ მივყვებით ავტორიტარიზმის ძალიან ნათელ ლოგიკას“, - მიიჩნევს „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, - „ეს კი დგას ადამიანის ძირითადი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზე და კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რასაც ვიქტორ იანუკოვიჩი აკეთებდა თავისი მმართველობის ბოლო წლებში უკრაინაში“.

ცვლილებები პოლიციის კანონში

9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დაანონსებულ კანონპროექტებს შორისაა „პოლიციის შესახებ კანონის“ ცვლილებებიც.

ჯერ არც ეს კანონპროექტი გამოქვეყნებულა პარლამენტის საიტზე, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი - რომელიც ინიციატივას გაეცნო - იუწყება, რომ ცვლილებების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.

ამავე წყაროს თანახმად, ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს.

ამჟამად მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

პოლიციელები თავისუფლების მეტროში

პოლიციელები თავისუფლების მეტროში

მაუწყებლის თანახმადვე, პარლამენტს ეს ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი მომზადების - უფრო ზუსტად, პოლიციის აკადემიაში სწავლის ვადების შემცირება 2022 წელს, - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები სისტემიდან თანამშრომლების „გადინების“ შესახებ.

„ეს ცვლილება ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ანუ პროტესტი სწორად ვითარდება, უნდა გაორმაგდეს და მთელი საქართველო მოიცვას“, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის, ერთ-ერთი ლიდერი. 2017-2019 წლებში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების ოფიციალურად მიღება გადაწყვიტა და ამით არის გამოწვეული ცვლილება პოლიციის კანონში“, - ვარაუდობს ის. „ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება“.

7 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ტელეკომპანია თავდამსხმელებს „ტიტუშკებს“ უწოდებს და პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს აკისრებს.

თავდამსხმელები, - რომლებიც იქვე მდებარე პარტია „ახალის“ ოფისშიც შეიჭრნენ და კობა ხაბაზს სცემეს, - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს.

დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.

სრულად წაკითხვა