„ოცნების“ გადაწყვეტილება PACE-დან გასვლაზე რუსეთის პატივისცემას იმსახურებს

3 hours ago 1

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი ამბობს, რომ PACE-დან საქართველოს დელეგაციის გაწვევა გარდაუვალი და გასაგები ნაბიჯი იყო.

„ეს გადაწყვეტილება იმსახურებს როგორც გაგებას, ისე პატივისცემას“, — დაწერა კოსაჩევმა „ტელეგრამის“ არხზე.

მან გაიხსენა, რომ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასულ კვირას მიიღო რეზოლუცია თბილისის ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით და ასევე მოუწოდა, უცხოური აგენტების კანონის გაუქმებისკენ.

„სესიაზევე საქართველოს დელეგაციამ შეურაცხყოფილად მიიჩნია ეს მოთხოვნები. და აი, გარდაუვალი შედეგიც, თუნდაც ეს იყოს შუალედური (კიდევ შესაძლებელია ევროსაბჭოდან გასვლა, ვიცით, ჩვენ ეს გავიარეთ“, — წერს კოსაჩევი.

რუსი დეპუტატის აზრით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ განვითარების „სუვერენული გზა“ აირჩია, რაც PACE-ს უკმაყოფილებას იწვევს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ფრაქციებიდან კომიტეტში შევიდა მიმართვა PACE-ში ქართული დელეგაციის შემადგენლობის წევრების გამოწვევის შესახებ. შესაბამისად, დელეგაციიდან გადის ყველა წარდგენილი წევრი: „ქართული ოცნებიდან“ — თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალიდან“ — ეკა სეფაშვილი“, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე.

„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც PACE-მ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნო შეზღუდულად და 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა.

შესაბამისად, აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში არ არის წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე უარი ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა.

„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოწვია

სრულად წაკითხვა