„ოცნების“ კონტრაქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

2 weeks ago 9

29 აპრილს „ქართული ოცნების“ დაგეგმილი კონტრაქციის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


ორშაბათს, 29 აპრილს, „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გამართავს.  ამ ადგილზე უკვე მეორე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

აქციის შესახებ განცხადებას მმართველი პარტია ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბონ.  სწორედ 29 აპრილს განიხილება რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

სრულად წაკითხვა