„ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას“.
„დღეს დამიბარეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და მომთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ორი მოტივით: „ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს“. დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს.
ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ. გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა“, – აცხადებს ნინია მაჭარაშვილი.
როგორც ნინია მაჭარაშვილი აცხადებს, გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას არ გეგმავს და მზადაა დაიცვას თავის უფლებები.
„მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის“, – აცხადებს ნინია მაჭარაშვილი.
ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
1 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.
პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.