14 დეკემბერს “ოცნების” პრეზიდნეტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს პირველი არჩევნებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტობის კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავს.
ამასთან, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
პრეზიდენტობის კანდიდატები წლების მიხედვით:
- 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები – 65 კანდიდატი
- 2013 პრეზიდენტის არჩევნები – 23 კანდიდატი
- 2008 წლის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები – 7 კანდიდატი
- 2004 წლის პრეზიდენტის არჩევნები – 6 კანდიდატი
- 1995 წლის პრეზიდენტის არჩევნები – 6 კანდიდატი
- 1991 წლის პირეზიდენტის არჩევნები – 9 კანდიდატი
ამასთან, “ოცნება” პირველად ირჩევს პრეზიდენტს არასაყოველთაო წესით. პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.
ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტებით, საკრებულოებიდან პარტიების კვოტები კოლეგიაში შემდეგნაირად ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 54 წევრი
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
- „ძლიერი საქართველო — ლელო“ – 4 წევრი
- „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი
შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) ჰყავს.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
შესაბამისად, , იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. კანონით, პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.