WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, რასაც „ქართული ოცნება“ დუმილით ხვდება.

ასე ეხმაურება პარტია ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ბოლო შეხვედრას.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აგრესიულად მოითხოვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და, შესაბამისად, აღნიშნული ქართული ტერიტორიების საოკუპაციო ძალებისთვის გადაცემა.

საოკუპაციო რეჟიმი უსინდისოდ ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს დუმილით ხვდება და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას როგორც ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნებზე, ისე საკუთარ საპასუხო პოზიციაზე.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, „ქართული ოცნება“ ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო.

„ქართული ოცნების“ უწყვეტი დუმილი ჩორჩანასთან დაკავშირებით აჩენს მძიმე ეჭვებსა და შეშფოთებას ხელისუფლების შესაძლო მზაობაზე, ჩაიდინოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ აქტში მონაწილე თითოეული პირი პასუხს აგებს კანონისა და ისტორიის წინაშე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ხალხს ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი განზრახვების შესახებ და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ძალებისთვის ქართული ტერიტორიების დათმობას დაუშვებს“, – აცხადებს გახარიას პარტია.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე ოფიციალურ თბილისთან ჯერჯერობით ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ეს საკითხი „საკმაოდ სერიოზულ განხილვას“ დაექვემდებარა.

„ერთადერთ მისაღებ ვარიანტს წარმოადგენს აღნიშნული საგუშაგოს მოხსნა და მისი შემდგომი გაყვანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – განაცხადა კოჩიევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი

მათივე ცნობით, ასევე განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი.

„განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები – მწვანე ბანერები და დროშები იმავე ტერიტორიაზე.  2019 წლის თებერვალში ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა დაიწყო.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.

მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება არაკანონიერად გამოაცხადა, ცხინვალი და მოსკოვი თბილისს ახსენებენ, რომ „შეცდომის აღიარების“ პარალელურად, ქართული პოლიციის პოსტი თბილისმა უნდა აიღოს.