პაემანი და ქორწილი ციხეში - როგორ ხვდებიან პატიმრებს ოჯახის წევრები

18 hours ago 5

დილის 10 საათია. მანანა სამხარაძე სხვა ქალებთან ერთად რიგში დგას. ხელში ყველას ნაჭრის ჩანთები უჭირავთ, შიგნით პირადი ნივთებით. ქალები გლდანის ციხეში შესასვლელად ემზადებიან, ზოგი ქმართან, ზოგი შვილთან, ზოგიც კი მამასთან დასარჩენად მიდის.

„[ციხეში შესვლისას] საცვლები გამახდევინეს, არ ვიცოდი, არ ველოდი და ძალიან უსიამოვნო იყო. ქალი მამშვიდებდა, პირველად ხარო? ნუ გეშინია, კამერაზე ჩამოფარებულია და არ ინერვიულოო. მართლაც, შავი ნაჭერი იყო ჩამოფარებული, შესვლისთანავე დავინახე“, - ამბობს მანანა.

ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის ცოლია და ერთხელ უკვე ისარგებლა ხანგრძლივი პაემნის უფლებით.

„[ციხეში სესვლისას] საცვლები გამახდევინეს, ქალი მამშვიდებდა, პირველად ხარო? ნუ გეშინია კამერაზე ჩამოფარებულია და არ ინერვიულოო“.

„[ციხეში სესვლისას] საცვლები გამახდევინეს, ქალი მამშვიდებდა, პირველად ხარო? ნუ გეშინია კამერაზე ჩამოფარებულია და არ ინერვიულოო“.

ოთხი თვეც არ იქნება, რაც ხანგრძლივი პაემნის უფლება, ანუ 24 საათით, ოჯახის წევრთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა, ბრალდებულების მსგავსად მსჯავრდებულებსაც მისცეს.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებისთვის ეს კარგი ამბავია, თუმცა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძის დედას, ნანი წულაიას თავსატეხი გაუჩინა.

„ციხის ადმინისტრაციაში მითხრეს, თქვენ ვერ ჩანიშნავთ პაემანს, დაბადების მოწმობაში წერია სხვა დედა, თქვენ ხართ სულ სხვა. დოკუმენტური სტატუსი უნდა გეჭიროთ ხელშიო“, - ასე ჰყვება ნანი წულაია გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან გასაუბრების მოკლე ვერსიას.

ხანგრძლივი პაემნის მსურველი ვალდებულია ციხის ადმინისტრაციას პატიმართან ნათესაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი წარუდგინოს, მაგალითად, დაბადების მოწმობა ან ქორწინების მოწმობა.

ნანი წულაიას ასეთი დოკუმენტი არ აქვს, მან კარის მეზობლის ვაჟი და ოჯახის ნათლული შვილივით გაზარდა, მას შემდეგ, რაც მეხუთე კლასელ გიორგის დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ის მამის გარეშე იზრდებოდა. ნანი წულაიას ერთი შვილი ჰყავს.

არავინ ჰყავდა მომკითხველი და არც გიორგის ჰქონდა სურვილი სადმე წასულიყო, ჩემთან ახლოს უნდოდა ყოფნა და დარჩა, შვილივით გავზარდე“.

ნანი წულაია გლდანის ციხესთან, სააღდგომო ნობათით ხელში, რომელიც გიორგი მინდაძეს უნდა შეუგზავნოს

ნანი წულაია გლდანის ციხესთან, სააღდგომო ნობათით ხელში, რომელიც გიორგი მინდაძეს უნდა შეუგზავნოს

ნანი წულაია გიორგის სახელმწიფოს ზედამხედველობით 18 წლამდე უწევდა მეურვეობას, თუმცა ოფიციალურად ნაშვილები არ ჰყოლია. ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. ნანი წულაიას პატარა უბნის მაღაზია აქვს, სურსათს ყიდის.

„18 წლის რომ გახდა, აჟიოტაჟი არ აგვიტეხია, არ გვიფიქრია გვარის ცვლილებასა და ოფიციალურ შვილებაზე. ჰქონოდა შვილს დედის გვარი. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი რაიმე დამატყდებოდა თავს?“

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს სოფელ წილკანში ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დედის თვალწინ დააკავეს.

მას 2024 წლის 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ პოლიციელებისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებიან - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე: ანრი, მათე, საბა, ანატოლი და სხვები - რას ედავებიან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს?

პენიტენციური კოდექსის თანახმად, პატიმრის სრული იზოლაცია აკრძალულია. ბრალდებულს აქვს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. პაემნების ხანგრძლივობა პენიტენციური დაწესებულების ტიპზეა დამოკიდებული. დახურულ დაწესებულებაში, ღიისგან განსხვავებით, უფრო მკაცრი წესები მოქმედებს. გლდანის ციხე დახურული ტიპისაა, აქ პატიმრებს თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ.

ხანმოკლე პაემანი 1-დან 2 საათამდე გრძელდება, შეხვედრისას მოსაუბრეებს მინის ბარიერი ყოფს, პატიმარი და მისი სტუმარი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრებიან. შეხვედრას ვიდეოკამერა უყურებს, რომელსაც კანონის თანახმად, ხმის მოსმენა არ უნდა შეეძლოს.

„არ მჯერა, რომ საუბარს არავინ ისმენს, უბრალოდ, ასე გვეუბნებიან, ამიტომ მხოლოდ ოჯახურ თემებზე ვსაუბრობთ, არ გვინდა, რაიმე ისეთი ვთქვათ, რომ კიდევ უფრო მეტად დავაზიანოთ, თან ისეთი მონატრებულები ვართ, მხოლოდ ერთმანეთის პირადი ამბები გვაინტერესებს“, - ამბობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული, თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე. ის ციხეში შვილის ნახვის ყველა შესაძლებლობას იყენებს და მაისში ხანგრძლივ პაემანსაც გეგმავს.

ბრალდებულებს უფლება აქვთ, ხანმოკლე პაემანი − სატელეფონო საუბრით ან ზუმისა და სკაიპის ვიდეოპაემნით შეცვალონ. გადაცვლის წესებს ციხის ადმინისტრაცია ადგენს.

ვიდეოპაემნის დროს ახლობლებს პატიმრებთან იუსტიციის სახლებში, სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ოთახებში ახვედრებენ. დრო განსაზღვრულია და კომუნიკაციას იუსტიციის სახლების თანამშრომლები წარმართავენ.

პატიმრისა და მისი მოსაუბრის ახლო კავშირს ნოტარიუსი ადგენს, ორი მოწმის დახმარებით. ხანმოკლე პაემნისთვის და ვიდეოსაუბრისთვის ესეც საკმარისია.

ნანი წულაიას, რომელიც ფორმალურად, დოკუმენტურად გიორგისთან თავის ნათესაურ სიახლოვეს ვერ ადასტურებს, იმედი აქვს, რომ პენიტენციური სამსახური მისთვის გამონაკლისს დაუშვებს და ნოტარიუსის დამოწმებული თანაცხოვრების დოკუმენტზე დაყრდნობით მისცემს უფლებას ერთი დღით დარჩეს შვილთან ციხეში.

„დაკავების შემდეგ მხოლოდ სასამართლო პროცესზე ვხედავ ჩემს შვილს. მე არ გამითვალისწინებია, რომ ჩემი შვილი ციხეში მოხვდებოდა, ყველამ იცის, რომ მე გავზარდე. იმედი მაქვს, გამონაკლისს დაუშვებენ, მომისმენენ და გაითვალისწინებენ. გამყოფი შუშის მიღმა ჩემი შვილის ნახვა არ შემიძლია, მინდა ერთხელ ჩახუტების უფლება მაინც მომეცეს“, - ამბობს ნანი წულაია.

პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამონაკლისები კანონიდან არ არსებობს - აღმზრდელებს, რომლებიც პატიმართან კავშირს დოკუმენტურად ვერ დაადასტურებენ, ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობა ვერ ექნებათ. ასეთ დოკუმენტად, უწყებაში, შვილად აყვანის შესახებ ცნობას მიიჩნევენ.

კანონის თანახმად, ხანგრძლივი პაემნის მოსაწყობად, ოჯახის წევრად მიიჩნევა პატიმრის:

  • შვილი;
  • ნაშვილები;
  • გერი;
  • შვილიშვილი;
  • მეუღლე;
  • პარტნიორი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს;
  • მშობელი ან მშვილებელი;
  • ბებია, ბაბუა;
  • და;
  • ძმა.

ხანგრძლივი პაემნის უფლება ჩამოერთმევა პატიმარს იმ შემთხვევაში, თუ:

  • კარანტინშია;
  • შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა. პატიმრობის ეს ფორმა გამოიყენება იმ, დროს, როცა პატიმარი ციხის ქცევის წესებს არღვევს, ყველა ციხეს თავისი შიდა განაწესი აქვს,
  • მოთავსებულია სამარტოო საკანში, დანაშაულის სიმძიმის ან ქცევის წესების დარღვევის გამო (ძალადობა, შეურაცხყოფა, გაქცევის მცდელობა);
  • პატიმრობის პირველი სამი თვე გასული არ არის.

გიორგი მინდაძე

გიორგი მინდაძე

„დედა, ამათმა რა იციან, თქვენ რა მშობლები ხართ და რამდენ ფურცელზე დაწერილს ჯობიხართ. თუ ხანგრძლივი პაემანი არ გამოვიდა, გთხოვ, აიტანე, ვიცი არ გაგიჭირდება, იქნებ და სასიკეთო განსაცდელიაო”, - ნანი წულაია გიორგის სიტყვებს გვიმეორებს და ამატებს, რომ თუ ვერაფერს გახდა შვილად აყვანაზე მაინც დაიწყებს ფიქრს.

საცვლები გამახდევინეს“, „შევედით თუ არა, ჩაგვკეტეს“ - პაემანზე ციხეში ერთი ღამით

2025 წლის იანვრამდე ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა მხოლოდ მსჯავრდებულებს შეეძლოთ. ახლა ბრალდებულებსაც აქვთ უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მხოლოდ ერთი ხანგრძლივი პაემნით ისარგებლონ.

მსჯავრდადებულების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა და დრო, ხანმოკლეს მსგავსად, ციხის ტიპისა და პატიმრის ქცევის მიხედვით იცვლება.

  • დაბალი რისკის ციხეში პატიმრებს ახლობლებთან შეხვედრის უფლებას ყოველ 3 თვეში ერთხელ აძლევენ, წახალისების შემთხვევაში შეიძლება კიდევ სამი პაემანი დაემატოს ერთ წელიწადში;
  • ნახევრად ღია ტიპის ციხეში დასაშვებია 3 ხანგრძლივი პაემანი და კიდევ ორი დამატებით;
  • დახურული ტიპის ციხეში დასაშვებია 2 ხანგრძლივი პაემანი და წახალისების სახით მხოლოდ კიდევ ერთი შესაძლებლობა;
  • განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში წელიწადში ერთი პაემანი და ერთი წახალისება ინიშნება;
  • ქალებს უფლება აქვთ, ისარგებლონ ერთი წლის განმავლობაში 3 ხანგრძლივი პაემნით და ადმინისტრაციამ შეიძლება ორიც დაუმატოს.

ადმინისტრაცია იმ პატიმრებს ახალისებს, რომლებიც ციხეში წესების პატივისცემითა და კარგი ქცევით გამოირჩევა, ასევე ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამებში. პატიმრებს შეუძლიათ ციხეში რაიმე პროფესიას დაეუფლონ, ჩაერთონ „თვითგანვითარებისა და ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამებში“ - პენიტენციური სისტემა მიიჩნევს, რომ ასე პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ რეინტეგრაციაში ეხმარება.

„იმედია, მანდ მისვლა აღარასდროს მომიწევს და მეორე შეხვედრა თავისუფლებაზე იქნება“, - ამბობს ანტონ ჩეჩინის ცოლი მანანა სამხარაძე და რადიო თავისუფლებას ციხეში გატარებულ 24-საათზე უყვება.

რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დილით, სამსახურში წასვლამდე სახლთან დააკავეს. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ის რუსეთში ყოფნისას მონაწილეობდა ანტიპუტინისტურ აპროტესტო აქციებში, მათ შორის, უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.

ამავე თემაზე: 20 წელი ან უვადო - რა ვიცით ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ დემონსტრანტებზე

ხანგრძლივი პაემნის დროს ციხეში საჭმლის შეტანა შეიძლება, თუმცა არა ყველაფრის. სიაში, რომელიც მანანა სამხარაძეს ციხის ადმინისტრაციაში მისცეს წერია, რომ დასაშვებია:

  • მოხარშული ან შემწვარი საქონლის ხორცი, 1კგ;
  • მოხარშული ან შემწვარი ქათამი, 1 ცალი;
  • ხაჭაპური ორი ცალი ( არ შეიძლება აჩმა, ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი);
  • ლობიანი ორი ცალი;
  • კიტრი - 2 კგ;
  • პომიდორი - 2 კგ;
  • ხილი ( ვაშლი, მსხალი, ვაშლატამა, ფორთოხალი, მანდარინი) - 5კგ;
  • კატლეტი - 10 ცალი;
  • კექსი, ერთი ცალი, ქიშმიშის გარეშე;
  • ყველი - 1კგ;
  • თეთრეული, ერთი კომპლექტი, ატლასის გარდა;
  • პირსახოცი, ერთი დიდი და ერთი პატარა;
  • ღამის პერანგი;
  • ხალათი;
  • ბავშვის ტანსაცმელი;
  • ბავშვის პლედი;
  • პამპერსი;
  • კბილის ჯაგრისი;
  • ჰიგიენური საფენი, პრეზერვატივი.

ხანგრძლივ პაემანზე დასაშვები ნივთებისა და პროდუქტების ფოტოილუსტრაცია

ხანგრძლივ პაემანზე დასაშვები ნივთებისა და პროდუქტების ფოტოილუსტრაცია

თუ ციხეში დედები ჩვილთან ერთად შედიან, შეუძლიათ თან წაიღონ ბავშვის საკვებიც, რომელიც დალუქული და გაუხსნელი უნდა იყოს. საკვების შუშის ქილით შეტანა აკრძალულია.

დეტალური შემოწმების გავლის შემდეგ მანანა მავთულხლართებით შეკრულ დერეფანში გაატარეს, ბადრაგმა რკინის კარი გააღო და ბაღივით ტერიტორია გამოჩნდა.

„ოთხი ხის კოტეჯი და ოთხი ბეტონის შენობა იდგა. ანტონმა მითხრა, რომ ხის კოტეჯი ჯობდა სხვებს, უკეთესი პირობებიაო. შევედით თუ არა, [გარედან] ჩაგვკეტეს, კოტეჯიდან გამოსასვლელი იყო გარეთ, აივანსაც ვერ დაარქმევ, გისოსებით იყო შემოფარგლული... ჩანდა გარეთ, რა ხდებოდა“.

კოტეჯი ერთოთახიანია, დგას საწოლი, ერთი კარადა, მაგიდა და ორი სკამი, პატარა მაცივარი, ტელევიზორი, სამზარეულო არა, მაგრამ ნიჟარა ჰქონდათ.

„კარგი პირობები იყო, თუმცა აბანოში წყალი დგებოდა, კარგად არ გადიოდა მილში, ტილოც არ იყო, რომ მოგვეწმინდა. ტელევიზორი ისეთ არხზე ჩავრთეთ, სადაც დრო ეწერა და ასე ვაკონტროლებდით“.

„ბადრაგმა რკინის კარი გააღო და ბაღივით ტერიტორია გამოჩნდა. ოთხი ხის კოტეჯი და ოთხი ბეტონის შენობა იდგა. ანტონმა მითხრა, რომ ხის კოტეჯი ჯობდა სხვებს“

„ბადრაგმა რკინის კარი გააღო და ბაღივით ტერიტორია გამოჩნდა. ოთხი ხის კოტეჯი და ოთხი ბეტონის შენობა იდგა. ანტონმა მითხრა, რომ ხის კოტეჯი ჯობდა სხვებს“

პატიმარსა და მის მეუღლეს პერიოდულად აკითხავდნენ ციხის თანამშრომლები და კითხულობენ, რაიმე ხომ არ სურდათ მაღაზიიდან. შესამოწმებლად დატოვებული საკვებიც მალევე მიუტანეს.

„ერთმანეთი რომ ვნახეთ, პირველი რამდენიმე საათი ძალიან ბედნიერები ვიყავით, შემდეგ კი ძალიან მოვიწყინეთ, ვტიროდით, ვიცოდით, რომ დიდი ხანი ვეღარ ვნახავდი ერთმანეთს, არ ვიძინებდით, ერთმანეთთან რაც შეიძლება მეტი დრო რომ გაგვეტარებინა... გამთენიას მაინც ძილმა გვაჯობა“, - იხსენებს მანანა სამხარაძე.

კანონში წერია, რომ ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი სივრცეები არ ისმინება და არც ვიდეოთვალით კონტროლდება.

ხანგრძლივ პაემანზე შესაძლებელია წავიდეს ორი სრულწლოვანი ან ერთი სრულწლოვანი და 3 ბავშვი. ღამით მხოლოდ ერთი ბავშვის დატოვება შეიძლება.

„როცა შედიხარ, უკვე თანახმა ხარ”, - ქორწილი ციხეში

„ხუთი წელია ერთად ვცხოვრობთ, ციხეში ხელის მოწერას, რა თქმა უნდა, არ ვგეგმავდით, ერთი დღით ნახვის გამო, ხელი ნამდვილად არ მოგვიწერია, ასე გადავწყვიტეთ, ბუნებრივად, რომ შევუღლებულიყავით და გაგვემყარებინა ჩვენი კავშირი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ექიმის, ირაკლი ქერაშვილის ცოლი, ქეთი დანელია, თუმცა როგორც უნდა იყოს, ქორწინების მოწმობა ქეთის საშუალებას მისცემს ქმარს ციხეში შეხვდეს ხოლმე.

„როცა ციხეში შედიხარ [ითვლება რომ ქორწინებაზე] უკვე თანახმა ხარ, მინდობილობას აფორმებ და თანხმობის წერილი მიგაქვს, ორივე მხრისგან“, - ამბობს ქეთი.

მან ქორწილი, რომელიც ქორწილს არაფრით ჰგავდა, ციხეში 11 აპრილს „გადაიხადა“, ეს იყო შეუღლება ბეჭდების გარეშე, რადგან ციხეში სამკაულებით შესვლა აკრძალულია. „ხელისმომკიდეები“ ქალი ბადრაგები იყვნენ. იმ დღეს გლდანის ციხეში 4-მა პატიმარმა იქორწინა.

„არცერთი არ იყო საპატარძლო ფორმაში, მაგრამ ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ თავის მეორე ნახევარს ნახავდა, თუნდაც ხუთი წუთით. თან გვახლდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ქორწინების სახლს წარმოადგენდა, გავიარეთ ჯოჯოხეთური გისოსები და შემოწმება. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც რიგითობით შემოდიოდნენ პატიმრები. ჩემი ირაკლი მესამე იყო. ხუთი წუთი მოგვცეს ერთმანეთს მოვფერებოდით და დაგვეოკებინა ნახვისა და მონატრების გრძნობა“.

 ქორწილი ციხეში

ფოტოილუსტრაცია: ქორწილი ციხეში

ქეთი დანელიამ ირაკლი ქერაშვილის დაკავების შემდეგ ციხის ადმინისტრაციას „თანაცხოვრების დოკუმენტი“ წარუდგინა და ხანმოკლე პაემნებს შეუფერხებლად აწყობს. თუმცა ქორწილის დღეს პირველად შეხვდა რეალურად, ისე, რომ მათ ერთმანეთისგან გამჭვირვალე მინა არ ყოფდათ.

ამავე თემაზე: „გთხოვთ, ემიგრანტი დედა დაუშვათ სხდომაზე“ - პატიმრობაში მყოფი ირაკლი ქერაშვილის ამბავი

„ციხიდან ძალიან გაბრაზებული გამოვედი და აქციაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ვიძახდი „ცეცხლი ოლიგარქიას“, - იხსენებს ქეთი დანელია.

დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრების უმეტესობას ხანგრძლივი პაემნის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ. თვის ბოლოს აქვს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი მიმინოშვილის დედას.

გიორგი მინდაძის დედის, ნანი წულაიას ტელეფონზე კი ზარები არ წყდება. მას შემდეგ, რაც შვილობილის ციხეში ნახვის პრობლემაზე საჯაროდ დაწერა, მისი დახმარება ბევრს სურს, მათ შორის იურისტებსაც. მანამდე, შვილის მოსანახულებელ ერთადერთ ადგილად, სასამართლო დარბაზი რჩება, სადაც დედობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს არავინ ითხოვს.

სრულად წაკითხვა