პალატაში ადვოკატს მზიასთვის შეტანილი საკვები დახვდა, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაა - ქურდოვანიძე

2 hours ago 3

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, კლინიკა "ვივამედში" მყოფი მზია ამაღლობელის პალატაში ადვოკატს მისთვის შეტანილი საკვები დახვდა. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 25-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ქურდოვანიძის შეფასებით, კლინიკის მიერ მოშიმშილე პატიმრისთვის საკვების პალატაში დატოვება ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმაა.

"დღეს მზია ამღლობელი კლინიკაში მოინახულა საიას ადვოკატმა. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა.

მზია კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ კვლევები დასრულებულია, დააბრუნონ ციხეში. ის არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

მოშიმშილე პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და მისი დაცვა ევალება სახელმწიფოს", - წერს ნონა ქუროდოვანიძე.

5 თებერვალს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

უწყების თანახმად, ამაღლობელმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. „ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად“, - წერდა პენიტენციური უწყება.

როგორც ადვოკატი ამბობს, მზია ამაღლობელის სურვილია, რომ დღეს, ხელახალი გამოკვლევების შემდეგ, დააბრუნონ საპატიმროში.

მისი განმარტებით, პატიმრის სურვილი ამ შემთხვევაში უპირატესია, რამეთუ ამჟამად კლინიკაში გადაყვანილია ანალიზებისათვის და არა რაიმე განსაკუთრებული პრობლემებით.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

სრულად წაკითხვა