პალმერი: "ტიტულის მაძიებლები არ ვართ"

16 hours ago 3

ლონდონის "ჩელსიმ" ბოქსინგ დეიზე დასანანი მარცხი განიცადა. თანაქალაქელ "ფულემს" "არისტოკრატები" 82-ე წუთამდე უგებდნენ, მაგრამ ჰარი უილსონისა და როდრიგო მუნისის გოლებმა 3 ქულა "კოტეჯერებს" გაატანეს.

"ლურჯების" ერთადერთი შედეგიანი დარტყმა კოულ პალმერის ანგარიშზეა. ინგლისელმა მე-16 წუთზე, საკმაოდ შთამბეჭდავი გოლი შეაგდო, რომელიც მისთვის 26-ე გახლდათ ინგლისის პრემიერ ლიგაში 2024 წელს ჩატარებულ მატჩებში.

წაგებულ შეხვედრაზე 22 წლის ინგლისელი Amazon Prime-ს გაესაუბრა.

"მატჩის ბოლოსკენ წაგება რთული გადასატანია. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე შანსი გვქონდა. მეორე ნახევარში შეხვედრის სადავეები ხელიდან გაგვექცა. "ფულემი" ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავად გადადის დაცვიდან შეტევაში. ჩვენ მათ თამაშში ჩავებით და ამის ფასიც გადავიხადეთ. 

არაუშავს, მომდევნო მატჩი რამდენიმე დღეში გველოდება. წინ უნდა განვაგრძოთ სვლა. ისედაც ვიცოდით, რომ ყველა შეხვედრას ვერ მოვიგებდით. თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩემპიონობის მაძიებლები არ ვიყავით.

მწვრთნელმა ეს სწავლის შესაძლებლობად შეაფასა, დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ, დავისვენებთ და ძალებს აღვიდგენთ. ეს ფეხბურთია. თამაშის კონტროლი 20 წუთით დავკარგეთ და 2 გოლი გავუშვით. ყოჩაღ "ფულემს", - თქვა პალმერმა.

"ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე რჩება, თუმცა თუ ამაღამ "არსენალი" "იფსვიჩს" მოუგებს, "ლურჯები" ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოიწევიან. მომდევნო მატჩი "ჩელსის" სწორედ "იფსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ ილოდება. იგი 30 დეკემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა