პაპუაშვილი ოპონენტების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას აანონსებს

1 week ago 20

8 მაისს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან“. მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და „კანვასის“ ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას“.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცველებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ“.

აღნიშნა რა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება „პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცველებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები“, პაპუაშვილმა მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელიც  განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება „საჯარო და გამჭვირვალე“ საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა მან.

დასასრულს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა