„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო – „არსენალი“ ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა (ვიდეო)

5 hours ago 2

ფრანგულმა გრანდმა Paris Saint-Germain-მა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი – უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართულ დრამატულ ფინალში პარიზელებმა ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს – მას შემდეგ, რაც ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდადა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.

მატჩი ინგლისური კლუბისთვის იდეალურად დაიწყო – უკვე მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა „არსენალი“ წინ გაიყვანა. შეტევა ლეანდრო ტროსარმა დაიწყო და გერმანელმა თავდამსხმელმა დაასრულა ძლიერი დარტყმით, რომლის წინაშეც მეკარე მატვეი საფონოვი უძლური აღმოჩნდა.

მიუხედავად სწრაფად გაშვებული გოლისა, „პსჟ“ თანდათან დაეუფლა ინიციატივას და თამაშს აკონტროლებდა. ლუის ენრიკეს გუნდი ბურთს დაახლოებით 75 პროცენტით ფლობდა, გაცილებით მეტი დარტყმა შეასრულა და შეტევისას მუდმივ ზეწოლას ახდენდა მეტოქეზე. პარიზელთა უპირატესობა საბოლოოდ 65-ე წუთზე ანგარიშზეც აისახა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ „არსენალის“ მცველმა კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და ეპიზოდის ვიდეოგადამოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა – 1:1 და ძირითადი და დამატებითი დროის განმავლობაში აღარც შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები.

ამრიგად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. გუნდები თანაბრად მიდიოდნენ, თითო შანსი ვერ გამოიყენეს: ჯერ ლონდონელებმა, შემდეგ კი პარიზელებმა – დავიდ რაიამ გამოიცნო დარტყმის მიმართულება და ბურთი აიღო. გადამწყვეტ მომენტში „არსენალის“ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ მაგალიაინსმა ბურთი კარს ზედა ძელს გადააცილა, რაც ინგლისურ კლუბს დამარცხებად დაუჯდა. საბოლოოდ „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერია 4:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა (შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფრანგულმა გრანდმა იტალიური „ინტერი“ ფინალში გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა).

პარიზელთა ზედიზედ მეორე ეს გამარჯვება ისტორიულია არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგის თანამედროვე ეპოქისთვისაც. 1993 წლის შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოგება მხოლოდ მადრიდის „რეალმა“ შეძლო – ესპანურმა სამეფო კლუბმა უეფას ამ პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონის ტიტული 2016, 2017 და 2018 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიპოვა. პარიზელები სწორედ ამ მიღწევის გამეორებას შეეცდებიან მომავალ სეზონში. „ძალიან მიყვარს ეს კლუბი. ეს ჯერ დასასრული არ არის. ახლა უკვე მეორე ვარსკვლავი გვაქვს და მესამე ტიტულისთვისაც ვიბრძოლებთ“, – თქვა ახალგაზრდა ვარსკვლავმა დეზირე დუემ მატჩის დასრულების შემდეგ.

ფინალის ერთ-ერთ მთავარ გმირად კიდევ ერთხელ იქცა ლუის ენრიკე. ესპანელმა სპეციალისტმა შექმნა გუნდი, რომელიც შეტევით ფეხბურთს შედეგიანობასა და გამძლეობას უთავსებს. მისი ხელმძღვანელობით „პსჟ“-მა პენალტების ზედიზედ მეექვსე სერია მოიგო, რაც ევროპულ ფეხბურთში იშვიათი მიღწევაა.

პარიზში გამარჯვება ათასობით გულშემატკივარმა ქუჩებში აღნიშნა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, გულშემატკივართა ზეიმს რამდენიმე რაიონში დაძაბულობაც და სამართალდამცველებთან მცირე ინციდენტებიც ახლდა.

„არსენალი“ 19 მაისს, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონი გახდა და ამჯერად მეორე ტრიუმფთანაც ახლოს იყო, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, გამარჯვება რეალურად პარიზელებს უფრო ეკუთვნოდათ და პენალტების სერიაში ფორტუნამაც ასე გადაწყვიტა.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებაში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, რასაც არაერთი საერთაშორისო მედიაგამოცემაც უსვამს ხაზს.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა