პარლამენტი ჩამსხვრეული ფანჯრების და ტექნიკის აღსადგენად 70 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

1 week ago 8

საქართველოს პარლამენტს სურს, 70 000 ლარზე მეტი დახარჯოს საპროტესტო დემონსტრაციების დროს დაზიანებული ფანჯრებისა და ტექნიკის აღსადგენად.

აქედან 45 000 ლარი მხოლოდ ჩამსხვრეული ფანჯრების აღსადგენადაა გათვალისწინებული.

2024 წლის 6 დეკემბერს პარლამენტის აპარატმა ტენდერის გარეშე, დაჩქარებულად გააფორმა ხელშეკრულება პარლამენტის შენობის დაზიანებული ფანჯრების აღდგენაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს ჩამსხვრეული მინები „სასწრაფოდ“, 2024 წლის 13 დეკემბრამდე, - პრეზიდენტის არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს.

პარლამენტის აპარატი ამ თანხას გადაიხდის პარლამენტის შენობის A, B და C კორპუსების ფასადებსა და შენობის შიგნით დაზიანებული მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მინების შესაცვლელად.

დოკუმენტაციის თანახმად, დაზიანებულია პარლამენტის შენობის პირველ და მეორე სართულებზე განლაგებული ოთახების, მათ შორის კეფეტერიის ფანჯრები და ჯამში 138 კვ.მ. ფართობის 152 მინამაკეტია შესაცვლელი.

გარდა ამისა, პარლამენტი აპირებს, დაჩქარებულად იყიდოს მწყობრიდან გამოსული „კონდიცირების დანადგარი“ ერთ-ერთი სერვერის ოთახის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

ამ „დანადგარის“ შესაძენად ნებართვის მისაღებად პარლამენტის აპარატმა 10 დეკემბერს მიმართა შესყიდვების სააგენტოს და მიუთითა, რომ საამისოდ 27 000 ლარი სჭირდება. სააგენტოს ჯერ ნებართვა არ გაუცია და ხელშეკრულება კონტრაქტორთან ჯერ არ გაფორმებულა.

პარლამენტის აპარატი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უგზავნის სიას, თუ რა დააზიანეს 1 და 2 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

ჩამონათვალი 15 პუნქტისგან შედგება და მათ შორისაა ფარდა-ჟალუზები, ნაჭრის ფარდები, ორი ტელევიზორი, ცხრა კონდიცირების დანადგარი, ერთი ალაყაფის კარი, მეტალის ერთი საყვავილე, ტუიას სამი ბუჩქი და ა.შ.

ეს ჩამონათვალი 4 დეკემბერსაა შედგენილი. აპარატის შესაბამისი თანამშრომელი წერს, რომ ზიანი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დაზუსტებული.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველ დეკემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის 48 ოთახი დააზიანეს.

მისი განცხადებით, აქცია დაწყებიდან მალევე გადადის „ვანდალიზმსა და ძალადობაში პოლიციელების მიმართ“.

საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა „2028 წლამდე“ არ გეგმავს, დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა. 10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ამბობს, რომ „დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“.

საპროტესტო დემონსტრაციები მე-13 დღეა, გრძელდება.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. 30-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით.

მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა