საქართველოს პარლამენტის აპარატი მიმდინარე წლის ბოლომდე სოციალურ ქსელ Facebook-ში ოფიციალური გვერდებისა და საინფორმაციო მასალების დასასპონსორებლად 10 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
პარლამენტის მიმართვის თანახმად, სარეკლამო მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით, „ექსკლუზიური უფლებამოსილების“ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
შესყიდვების სააგენტოს სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მოთხოვნილი 10 000 ლარი წარმოადგენს მაქსიმალურ ზღვრულ ლიმიტს, რომელიც 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზეა გათვლილი.
როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიმდინარე წელს Facebook-ის რეკლამირების სერვისი პილოტურ რეჟიმში პირველად გამოიყენეს, რაზეც მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ფაქტობრივმა დანახარჯმა 3 901.69 ლარი შეადგინა. ვინაიდან გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის სრულად ათვისებულია, აპარატში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე დამატებითი ლიმიტის გამოყოფა აუცილებელია, რათა საინფორმაციო კამპანიები არ შეჩერდეს და პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი წვდომის (Reach) მკვეთრი ვარდნა არ მოხდეს.
სააგენტო ამჟამად პარლამენტის ამ მოთხოვნას განიხილავს.
რატომ გამარტივებული შესყიდვა?
ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის საფუძვლად დოკუმენტაციაში მითითებულია ის გარემოება, რომ Facebook-ის სარეკლამო სივრცისა და ალგორითმების ერთპიროვნული მფლობელი კომპანია Meta Platforms, Inc-ია.
პარლამენტის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს სხვა ალტერნატიული ლოკალური პლატფორმა, რომელიც მსგავსი მასშტაბითა და დემოგრაფიული ფილტრაციის (Targeting) უნარით უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას. გარდა ამისა, პროცესში ადგილობრივი სარეკლამო სააგენტოების ჩართვა, აპარატის შეფასებით, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ისინი მხოლოდ შუამავალი რგოლები იქნებიან, რაც დამატებით საკომისიო ხარჯებს გამოიწვევს. შესაბამისად, მომსახურებას პირდაპირ პლატფორმისგან იძენენ.
სარეკლამო სერვისის მიღება და ანგარიშსწორება ინტერნეტ-გამოწერის (ონლაინ გადახდის) გზით განხორციელდება. კანონმდებლობის შესაბამისად, მსგავსი ტიპის შესყიდვისას წერილობითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო არ არის. თანხა ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და შესაბამისი ელექტრონული ინვოისების საფუძველზე ჩამოიჭრება.
შესყიდვების სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღად 2026 წლის 15 ოქტომბერია განსაზღვრული.
netgazeti