დღეიდან, 14 დეკემბრიდან, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა".
"ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", პარლამენტის პრესსამსახურის მიერ 13 დეკემბრის ღამით გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" 12 დეკემბრიდან იყო გაუქმებული, როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია მისი ხელახლა გამოცხადების საფუძველია "საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებული" ღონისძიება.
"შენობაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია", - წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი" თუ „წითელი" დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
ოპოზიციური პარტიების და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, 2024 წლის 25 ნოემბერს, პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებდა.
ის „წითელი დონით” შეცვალეს 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
6 დეკემბერს „წითელი დონე” გაუქმდა და ისევ „ყვითელი" ამოქმედდა.
შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს(გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა. მათ შორის რადიო თავისუფლებას.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.
14 დეკემბერს პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად - აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კოლეგიის შემადგენლობაში ფორმალურად ირიცხებიან, რადგან მათი მანდატები ჯერ კიდევ ძალაშია. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს.
წინასწარვე ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებთან ერთად ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.
მეჩვიდმტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.