პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

2 weeks ago 20

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.

მეორე მოსმენით რუსული კანონი მუხლობრივად განიხილება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს პლენარული სხდომა 9 საათამდე გაგრძელდება და თუ რუსული კანონის განხილვა ბოლომდე ვერ მოესწრება, ხვალ გაგრძელდება.

პაპუაშვილის თქმით, დღეს რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა, სავარაუდოდ, არ მოესწრება.

„პირველი მოსმენის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ერთ დღეში ვერ ჩაეტია განხილვა. ვნახოთ, როგორ იქნება მეორე მოსმენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები იმართება.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა