პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ გადაწყვიტა დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ პარლამენტში და ამის მოტივად ქვეყანაში „ჯანსაღი ოპოზიციის“ არარსებობა დაასახელა. ანტიდასავლური პარტია „ხალხის ძალა“ ფორმალურად „ქართულ ოცნებას“ 2022 წელს ჩამოშორდა, რაც ფართოდ განიხილებოდა დადგმულ ნაბიჯად ანტიდასავლური პლატფორმის შესაქმნელად. ეს მოსაზრება მას შემდეგ დადასტურდა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა.
„ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა. მან დანარჩენ ოპოზიციას „რადიკალური“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, უცხოური ძალების მიერ ფინანსდება და ამიტომ არ არის დამოუკიდებელი.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვქონია”, – განაცხადა მაჭარაშვილმა და პირობა დადო, რომ მმართველ პარტიასთან „ჯანსაღი ოპონირება“ ექნება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი „ხალხის ძალის“ წევრია.
This post is also available in: English (ინგლისური)