WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენლები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა გააკრიტიკა.  

20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ ის „შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება“. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სამართალწარმოებას გულისხმობდა.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ „სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს“.

სამინისტრო ასევე აკრიტიკებს „ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას“ და აცხადებს, რომ ეს „ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას“.

„სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ქართველ ჟურნალისტს თამარ ნუცუბიძეს განუცხადა, რომ ევროკავშირი „ყურადღებით ადევნებს თვალს“ საკონსტიტუციო სარჩელს.

„ეს მოვლენები, საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს“, – განაცხადა ვიგანდმა. „ეს ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის შელახვის რისკს ქმნის“.    

მანამდე, 8 ოქტომბრის რეზოლუციაში ევროპარლამენტმაც გააკრიტიკა მიმდინარე პროცესები. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვას მოითხოვდნენ.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21-23 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.

This post is also available in: English