WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლოში დაკითხვისას ტარიელ შავერდაშვილმა, - ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, - პატარკაციშვილისა და მაშინდელი ხელისუფლების ურთიერთობაზე, თავისი ბიზნესის გარშემო შექმნილ პრობლემებსა და ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის როლზე ისაუბრა.

რა თქვა შავერდაშვილმა ჯოზეფ ქეიზე

შავერდაშვილის თქმით, ის პატარკაციშვილს წლებია იცნობდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელში მან შაქრის ბიზნესი დაიწყო, რომელსაც პატარკაციშვილი აფინანსებდა.

შავერდაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან ურთიერთობისას პატარკაციშვილის ნაცვლად ინვესტორად ჯოზეფ ქეი იყო წარმოდგენილი.

„დავიწყე შაქრის ბიზნესი, დაფინანსება პატარკაციშვილის იყო, მე იმდროინდელ ხელისუფლებას წარვუდგინე, რომ თითქოს ინვესტორი იყო ჯოზეფ ქეი“, - თქვა შავერდაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

ჯოზეფ ქეი (Joseph Kay, იგივე იოსებ კაკიაშვილი) იყო ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი და ყოფილი ბიზნესასისტენტი, რომელიც 2008 წელს, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობის, „იმედის“ ტელევიზიისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო დაწყებული საერთაშორისო დავების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

ქეი აცხადებდა, რომ პატარკაციშვილის მიერ დატოვებული დოკუმენტებით მისი ქონების აღმასრულებლად იყო დანიშნული და მას ეკუთვნოდა კონკრეტულ აქტივებზე უფლებები.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წელს დაადგინა, რომ ქეიმ მოქმედი ანდერძის არსებობა ვერ დაადასტურა. რუსთავის ქარხანასთან დაკავშირებით კი გიბრალტარის სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრება დაადასტურა.

ჯოზეფ ქეიმ წლების წინ, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში განაცხადა, რომ 2008 წლის დეკემბერში, თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მას უთხრა, რომ „იმედი“ მათთვის უნდა გადაეცა და რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო.

ქეის თქმით, მოგვიანებით სააკაშვილიც დაუკავშირდა და იგივე მოთხოვნა გაუმეორა. ანუ მისი მტკიცებით, ქონება ძალით დაათმობინეს.

2014 წელს სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ქეიმ ჩვენება დისტანციურად მისცა ნიუ-იორკიდან ვიდეო ზარის საშუალებით, ამბობდა, რომ "ტელეიმედი" სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე დათმო.

„ბადრი გავაცანი ზურაბ ჟვანიას“

ამ პერიოდში, შავერდაშვილის თქმით, პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მან პატარკაციშვილი ჯერ ზურაბ ჟვანიას (საქართველოს პრემიერ-მისნიტრის 2004-2005 წლებში), შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს გააცნო. თავადაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, ოჯახი პარტიის ღია მხარდამჭერიც იყო.

„ბადრი გავაცანი ჟურაბ ჟვანიას, შემდეგ გაიცნო მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი საერთო მეგობრების დახმარებით მოხდა გაცნობა და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ“, - თქვა მან.

მისი თქმით, ვითარება სანდრო გირგვლიანის საქმის შემდეგ შეიცვალა, - პატარკაციშვილთან ახლო კავშირის გამო თავად „24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ“ აღმოჩნდა, ასევე, იბარებდნენ პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში.

პატარკაციშვილის კამერები და გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს, მრავლობითი დაზიანებებით, ოქროყანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობის საქმე თებერვალში მას შემდეგ გახმაურდა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროებაში“ გააშუქდა ეს თემა; სადაც მიანიშნეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე შესაძლოა კავშირში ყოფილიყვნენ მკვლელობის საქმესთან.

„იმედის“ თანახმად, მთაწმიდაზე ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს შსს-ს მაღალჩინოსნებისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომლების ავტომანქანების მოძრაობა მაშინ, როცა სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის გატაცება და ოქროყანაში გადაყვანა ხდებოდა.

დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს.

მართლმსაჯულებამ მათ 7-8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება შეფასდა როგორც „შარდენ ბარის“ გასასვლელთან წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.

მოგვიანებით, დაკავებულები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. სანდრო გირგვლიანის ოჯახი კი მკვლელობის დამკვეთებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს - და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, ხოლო უშუალო შემსრულებლად ოლეგ მელნიკოვს ასახელებდა.

ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთია, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მსჯავრდებული.. ექსპრეზიდენტს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის პატიმრობის ვადის შემცირებას ედავებოდა.

„გემის ყადაღა“

„რომ დაიძაბა, 24-საათიან თვალთვალში ვიყავი, იყო პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში დაკითხვები ბადრი რას აკეთებს, რას შვება, როგორ იქცევა?.. ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ ბადრის გარშემო იყო ეს კითხვები“, - თქვა შავერდაშვილმა სასამართლოში.

ამავე პერიოდში, მისი თქმით, ფინანსურმა პოლიციამ დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით შაქრით დატვირთული გემი დააყადაღა. მიზეზად კონტრაბანდისა და იარაღის არსებობა დასახელდა. შავერდაშვილის თქმით, გემი მხოლოდ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს.

შავერდაშვილისვე თქმით, გემის გაშვების შემდეგ კეზერაშვილმა მას შაქრის იმპორტის შეწყვეტაც მოსთხოვა.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. შავერდაშვილის თქმით, ამის შემდეგ მან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენასთან დაკავშირებულ ბიზნესში ჯოზეფ ქეი წინა პლანზე გამოიყვანა - უცხოურ ინვესტიციად წარმოჩენისა და ბიზნესის დაცვის მიზნით.

„ბადრის გარდაცვალების შემდეგ, მოხდა შეძენა აუქციონზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და ვმართავდი… წინა პლანზე გამოყვანილი მყავდა ჯოზეფ ქეი - ბადრის შორეული ნათესავი იყო.

… იმ მოტივით, რომ დაცული ყოფილიყო ჩემი ბიზნესი, როგორც უცხოური ინვესტიცია, წინა პლანზე გადმოვიყვანე ჯოზეფ ქეი…“

შავერდაშვილის თქმით, ქეი მისთვის მანამდე „სოსო კაკიაშვილი“ იყო და დამოუკიდებელ ბიზნესმოთამაშედ არ აღიქმებოდა.

„ჯოზეფ კეი თვითონ როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არ არსებობდა… და, ჟოზეფი მერე გახდა თორემ ჩემთვის სოსო კაკიაშვილი იყო….“

მისივე თქმით, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ქეიმ დაიწყო დამოუკიდებლად მოქმედება და აცხადებდა, რომ აქტივები მას ეკუთვნოდა.

„ჩემი ბრალია, ასე გაჩნდა ჯოზეფ ქეი...ბადრის გარდაცვალების შემდეგ კი გააკეთა განცხადებები, რომ ეს ყველაფერი მისი იყო“.

„დახმარება დალაგებაში“

შავერდაშვილის თქმით, პატარკაციშვილის ოჯახს ეხმარებოდა ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგებაში. შეხვედრები მერიაში, გიგი უგულავასთან იმართებოდა. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, მას დავით კეზერაშვილიც დახვდა. უთხრეს, რომ პატარკაციშვილების ოჯახთან ყველაფერი დაალაგეს.

„ერთი მისვლის დროს, როცა ფიქრობდა რომ ყველაფერი ლაგდება, დახვდა გიგისთან კეზერაშვილი და მითხრეს : ყველაფერი დალაგდა და თქვენ შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთო“.

მან დაკითხვისას გაიხსენა ეპიზოდი, როგორ დაურეკა ვანო მერაბიშვილმა იკითხა, რატომ სურდა ჯოზეფ ქეის ხელისუფლების ლიდერებთან ცალკე შეხვედრა.

მას შემდეგ, რაც შავერდაშვილმა შეიტყო, რომ ჯოზეფ ქეი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრას ცდილობდა, მისი თქმით, მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

„ვკითხე ჯოზეფს, რატომ იკლავ თავს ცალკე შეხვედრაზე- მეთქი?

ეს ჩემი პირადი საქმეა და შენ არ გეხებაო. მივხვდი რომ ცალკე თამაში დაიწყო და ურთიერთობა გამიფუჭდა.“

ამასთან შავერდაშვილმა დააზუსტა, რომ არ შეუძლია დადასტურება, ქეის მოქმედებები ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო, თუ პირიქით.

“მე ვერ ვიტყვი რომ ხელისუფლების ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი… ჯოზეფმა დაიწყო დამოუკიდებელი თამაში…“

რა ითქვა სხდომის შემდეგ

დაკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, დაცვის მხარის ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით კი შავერდაშვილის ჩვენება ნათლად მეტყველებს, რომ „რაღაც კრიმინალურ ქმედებებს კი არ ჰქონდა ადგილი ან რაიმე დაგეგმილ ძალადობრივ ღონისძიებებს“, არამედ ეს იყო პროცესი, რომელ პროცესშიც გადამწყვეტი როლი ნათამაშები აქვს ჯოზეფ ქეის.

„ჯოზეფ ქეი არის პირი, ვინც დაეუფლა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას. იქნება ეს მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ტელეიმედი და ასე შემდეგ…

შესაბამისად პროკურატურას, ბიძინა ივანიშვილს და მის მართულ პროკურატურას ინტერესი რომ ჰქონოდა სამართლიანობისა, ჯოზეფ ქეი უნდა იყოს განსასჯელის სკამზე”, - ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე

დღევანდელ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლა სიტყვის უფლებით. როგორც წესი ასე ხდება, ჯერ მიხეილ სააკაშვილი ამბობს სიტყვას, შემდეგ შესვენება ცხადდება, მესამე პრეზიდენტის მოსასმენად მოსულები დარბაზიდან გადიან, სასამართლოში მოწმეების დაკითხვა მხოლოდ ამის შემდეგ გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ეძღვნებოდა აფხაზეთის დაცემის შესახებ მის მოგონებებსა და პოლიტიკურ პოზიციას, მეორე ნაწილი კი ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკას:

„ჩემი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული. აი, სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად 5 წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად.

მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო 100%-ით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა.

მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს - ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება.

ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება - გეორგია, გორგასალი.

„კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“...

მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, - ეს არის ნაწყვეტი მიხეილ სააკაშვილის ვრცელი განცხადებიდან.

ჰიმნი და მოსამართლის შენიშვნა

პოლიტიკური გამოსვლის დასრულების შემდეგ მან საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო. აჰყვა დარბაზიც. ზოგი ფეხზეც წამოდგა. მათ ჰიმნი ბოლომდე დაასრულეს.

მოსამართლე ნინო ელიაშვილმა დამსწრეები გააფრთხილა:

„ყველას ძალიან გვიყვარს ჰიმნი, ბავშვი რომ სკოლაში შედის და წიგნს გადაშლის იქაც ჰიმმია, მაგრამ სასამართლო დარბაზში შეიძლება არ მოხდეს ასე ხმამაღლა ჰიმნის სიმღერა… ყველამ ზეპირად ვიცით ყველამ, მაგრამ სასამართლო დარბაზი არ არის ადგილი, რომ ჰიმნი ასე იმღერო“.

7 ნოემბრის საქმეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. ესენი არიან: მაია ქოქიაშვილი, ნინო ელიეშვილი, ლაშა კლდიაშვილი.

შვიდი ნოემბრისა და „იმედის“ საქმე

7 ნოემბრის საქმე, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას უკავშირდება.

პროკურატურამ სააკაშვილს ამ საქმეზე ბრალი 2014 წლის 28 ივლისს, დაუსწრებლად წარუდგინა; ხოლო 2 აგვისტოს წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა.

გამოძიების თანახმად:

  • ტელეკომპანია „იმედი“ აქტიურად აშუქებდა ხმაურიან მოვლენებს და მათ შორის - სანდრო გირგვლიანის საქმეს; სააკაშვილი უშედეგოდ ცდილობდა ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას მოლაპარაკების გზით და შემდეგ - მისი ხელმძღვანელობით - “ხელისუფლების ყველა შტომ… დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება“ ;
  • ტელეკომპანია "იმედის" შენობაში ძალადობრივად შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც “ ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახატად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია“.

დღევანდელი „იმედი“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიაა. ის ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ მესიჯებს ახმოვანებს.

რაც შეეხება 7 ნოემბრის მიტინგის მასობრივ დარბევას, პროკურატურის თანახმად:

  • „შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში”, საგანგებო თათბირზე დაიგეგმა - საპროტესტო აქციებში მონაწილეების წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ დაშინებისა და ზეწოლის სხვადასხვა მეთოდი - ცემა თუ ნარკოტიკების ჩადება.
  • რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად დაარბიეს მომიტინგეები და უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქეს, მათ შორის სახალხო დამცველს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, ჟურნალისტებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

სააკაშვილი ოთხ საქმეზე იხდის სასჯელს

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა.

  • მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
  • 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
  • 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
  • ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის, ჯამში, 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.

ის ასევე ბრალდებულია რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე „საბოტაჟის საქმეზე“. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით.