20.10.2026
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. მას ოპერაციისთვის ამზადებენ.
ზურაბ ჩხაიძემ გვითხრა, რომ ის დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს კლინიკაში.
„ტრამვული დაზიანებები აქვს ზემო კიდურების… არის მოტეხილობა, აღენიშნება ასევე ნაკვეთი ჭრილობები ხელებზე“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე „ნეტაგზეთთან“.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და „კაწრომ“. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა, გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ნეტგაზეთთან“ ადასტურებს, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს კლინიკაში გადაყვანილი იყო პატიმარი დავით ფეიქრიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, მას დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
პენიტენციურმა სამსახურმა კვლავ უარყო დავით ფეიქრიშვილის ცემა. უწყება ამ ეტაპზე არაფერს ამბობს არც 19 ოქტომბერს და არც 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებიან კრიმინალურ სამყაროში, ისინი გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.
netgazeti