WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსსა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ბრალი წარედგინა. ამის შესახებ 13 ნოემბერს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ბრალდებებს წინ უძღოდა ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატების განცხადებები, რომელთა თანახმადაც, მასზე თანასაკნელებმა იძალადეს. მათი თქმით, ეს პირები გლდანის მე-8 დაწესებულებაში ფეიქრიშვილის საკანში განზრახ მოათავსეს, რათა მასზე ზეწოლა განეხორციელებინათ. ოქტომბერში ფეიქრიშვილი, მრავლობითი დაზიანებებით, ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში. ოჯახი და მოგვიანებით თავად ფეიქრიშვილიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ პირები, რომელთაგან ზოგიერთს წარსულში კონფლიქტი ჰქონდა ფეიქრიშვილსა და მის ძმასთან, ფეიქრიშვილის ტელეფონზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თავდაპირველად უარყოფდა ძალადობის ფაქტს, თუმცა მოგვიანებით უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს თანამდებობის დატოვება მოუწია, მას შემდეგ, რაც გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ამას მოყვა ციხის დირექტორის, რამაზ ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებაც.

ბრალდებულებს შორისაა პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი პატარიძე და ციხის ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა. ასევე, ბრალი წარედგინათ პატიმრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობაში მონაწილეობდნენ: მათ შორის არიან ვატო ყიფიანი და შოთა („კაწრო“) ბილანიშვილი. ბრალდებულთა სიაში ასევე არიან შოთა ყიფიანი, პავლე გოცირიძე და დავით კაჭარავა.

გულუაშვილის თქმით, პატიმარ ვატო ყიფიანის თხოვნით, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, პატარიძის მითითებითა და ციხის დირექტორის, ფირცხალავას გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბერს ფეიქრიშვილის საკანში ხუთი პატიმარი გადაიყვანეს. იმავე დღეს ჯგუფმა ფეიქრიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ეს ძალადობა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

პატარიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ხოლო ფირცხალავას — სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხუთ პატიმარს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განცხადებაში არ არის აღნიშნული, მოითხოვს თუ არა პროკურატურა პატარიძისა და ფირცხალავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

This post is also available in: English