მხოლოდ გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით 360-ზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს. ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს ჟურნალისტთა დასაპატიმრებლად ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა არ უჭირთ. მათი გასამართლების აუცილებელი კომპონენტია რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებისგან დამნაშავის, მტრის ხატის შექმნა — ამისთვის კი სისტემის სამსახურშია მათი კონტროლირებადი მედია, ის საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც მთლიანად პოლიციური სახელმწიფო აკონტროლებს.
უკვე 2025 წელს დაპატიმრებულთა სიაში იქნება მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარი სამიზნე გახდა.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 11 იანვარს, პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალვე გაათავისუფლეს. თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს. მას სილის გაწვნის გამო ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს. მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საერთოდ არ განიხილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.
ნეტგაზეთმა თავი მოუყარა მსოფლიო მასშტაბით იმ ჟურნალისტთა საქმეებს, რომელთაც რეჟიმი სისხლის სამართლის წესით დევნიდა და დევნის. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ასეთი ამბებისა.
ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უკვე 10 წელზე მეტია, დევნის. ისმაილოვა წლების განმავლობაში აქტიურად ამხელდა ალიევების ოჯახის კორუფციას, შეუზღუდავ ძალაუფლებასა და უკანონობას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ისმაილოვა 2014 წელს დააპატიმრა და მას მოგვიანებით გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება წაუყენა, რის საფუძველზეც პატიმრობაც მიუსაჯა. ისმაილოვა ციხიდან 2016 წელს პირობითი, 5-წლიანი სასჯელით გაათავისუფლეს.
გარდა დაპატიმრებისა, ალიევის რეჟიმმა ისმაილოვას მიმართ შურისძიება მისი რეპუტაციის განადგურებითაც სცადა. მათ გამომძიებელი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელეს, რაც აზერბაიჯანის მსგავს კონსერვატიულ საზოგადოებაში ქალისთვის ორმაგად დამაზიანებელი იყო. ისმაილოვას რეპუტაციის განადგურებაში აქტიურად იყო ჩართული აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია.
მარია რესა
მარია რესა ფილიპინელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო წლებში დიქტატურასთან შეუპოვრად ბრძოლის სიმბოლოდაც კი იქცა. ის 2021 წელს „ნოვაია გაზეტას“ დამფუძნებელ დმიტრი მურატოვთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა.
მარია რესა წლების განმავლობაში აქტიურად იძიებდა ფილიპინების ხელისუფლების უკანონო, ძალადობრივ ქმედებებს, განსაკუთრებით ეს ეხება ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მმართველობას. ნარკოტიკებთან ბრძოლის სპეცოპერაციის ფარგლებში, დუტერტეს მმართველობისას პოლიციელებმა, სულ მცირე, 6 ათასი ადამიანი მოკლეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე, სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. დუტერტე 2022 წელს გადადგა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი გამოძიებას ამ დრომდე აწარმოებს.
მარია რესას საქმიანობა სწორედ როდრიგო დუტერტეს სისხლიანი მმართველობის დანაშაულთა გამოაშკარავებას ეხებოდა. დუტერტეს მმართველობისას ჟურნალისტისა და მისი მედიასაშუალების წინააღმდეგ არაერთი გამოძიება დაიწყეს, უმთავრესი კი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება იყო, ასევე ცილისწამება ონლაინ. ის 2018 წელს დააკავეს კიდეც, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მარია რესა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეში დამნაშავედ ცნო, თუმცა 2023 წელს სააპელაციო სასამართლომ ის სრულად გაამართლა. ამჟამად უზენაეს სასამართლოშია ონლაინ ცილისწამების საქმე, რომელიც საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, რესას რამდენიმეწლიან პატიმრობას უქადის.
მარია რესამ ჟურნალისტური გამოძიებების გარდა არაერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია შექმნა, მათ შორისაა წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. მზია ამაღლობელი თავის სასამართლო პროცესზე სწორედ ამ წიგნით გამოცხადდა.
40-ზე მეტი ჟურნალისტი ბელარუსიდან
2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბელარუსის დიქტატორმა მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში წაგების შემდეგ ხელისუფლება ძალით შეინარჩუნა, 65 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ისინი ხელისუფლების მიტაცებას აპროტესტებდნენ.
ბელარუსის ხელისუფლებამ, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, მიზანში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც ამოიღო. მათი დაპატიმრება სხვადასხვა ბრალდებით ამ დრომდე გრძელდება. ზოგ შემთხვევაში ბელარუსის სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ქმედებები ფორმით ძალიან ჰგავს ქართულს (ან პირიქით): ჟურნალისტებს ჯერ ადმინისტრაციული წესით აკავებენ, შემდეგ კი ბრალს სისხლის სამართლის წესით უმძიმებენ.
ბელარუსელ ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, სხვადასხვა ბრალდებით ბელარუსის ციხეებში ამჟამად სასჯელს 42 ჟურნალისტი იხდის, ან ელოდება გასამართლებას.
ერთ-ერთი მათგანია დმიტრი სემჩანკა, ბელარუსის ნაციონალური მაუწყებლის ტელეწამყვანი, რომელიც 2020 წლამდე ბელარუსის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა, თუმცა მან 2020 წელს რეჟიმის სისასტიკეები დაგმო. ჟურნალისტმა ამის შემდეგ ტელეარხი დატოვა. თავდაპირველად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ის ადმინისტრაციული წესით, 15 დღით დააკავეს.
ბელარუსელმა პოლიციელებმა სემჩანკა და მისი ჟურნალისტი ცოლი ხელმეორედ 2022 წელს კვლავ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცოლი დააჯარიმეს, ქმარს კი 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალური საბაბი ტელეგრამ არხიდან გაზიარებული ინფორმაცია იყო. საბოლოოდ, დმიტრი სემჩანკას ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს „ოფიციალური პირების მიმართ სიძულვილის გაღვივების“ საფუძვლით. ის ამჟამად 3-წლიან სასჯელს იხდის.
ჯერ ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბელარუსელი ჟურნალისტი დანიილ პალიანსკი. მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა.
თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბელარუსელი ჟურნალისტი ირინა შაუნიკავა, საბაბი „ექსტრემისტული კონტენტის“ შენახვა იყო. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს „საპროტესტო აქციების ორგანიზების“ საფუძვლით. ადგილობრივმა სასამართლომ ის 2022 წელს დამნაშავედ მიიჩნია და 5 წელი მიუსაჯა.
2022 წლის 6 დეკემბერს „ბელარუსის სახელმწიფოს დისკრედიტაციის“ საბაბით დააკავეს დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი ლარისა შჩირაკოვა. დაკავებისას მისი არასრულწლოვანი შვილი ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, ის თავშესაფრიდან მოგვიანებით მისმა რუსეთში მცხოვრებმა მამამ გამოიყვანა. ჟურნალისტი ამ დრომდე ციხეში რჩება.
2021 ონლაინ გამოცემა TUT.BY-ის მთავარი რედაქტორი მარინა ზოლატავა გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დააპატიმრეს გამოცემის 10-ზე მეტი ჟურნალისტი. საბოლოოდ, ზოლატავას ბრალი არაერთი მუხლით დაუმძიმეს და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავდა შუღლის გაღვივებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაზიანებას.
ბელარუსში დაკავებულ ჟურნალისტთა ისტორიები აჩვენებს, რომ რეჟიმმა მათი უმრავლესობა ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა, შემდეგ კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინა. მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ბელარუსის რესპრესიული რეჟიმის ქმედებების ჯაჭვში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფო მედიასაშუალებებს — სახელმწიფო ტელევიზია პერიოდულად გადასცემს სიუჟეტების სერიას, რომელთა მიზანი დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების მორალური განადგურებაა, ხშირად, ამ სიუჟეტებში გამოყენებულია დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებებიც, რისი მიღებაც, რეჟიმის სისასტიკის პირობებში, არც ისე რთული შეიძლება იყოს.
ფარიდ მეჰრალიზადა
ფარიდ მეჰრალიზადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტია, რომელიც ბაქოში 2024 წლის მაისში დააკავეს. მისი სახლი ისე გაჩხრიკეს და ჟურნალისტიც ისე დააკავეს, პროცესზე დასწრების საშუალება არ ჰქონია ადვოკატს.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს ალიევის რეჟიმმა ბრალი უცხოური ფულის ქვეყანაში „უკანონოდ შეტანისთვის“ წაუყენა, თუმცა აღნიშნული ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმა. რეჟიმი ფარიდ მეჰრალიზადას უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ფულის გათეთრებას, გადასახადებისგან თავის არიდებასა და დოკუმენტების გაყალბებასაც ედავება. მისჯის შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2024 წელი განსაკუთრებით რეპრესიული იყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიისთვის. ალიევის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დაატყვევა „აბზას მედიიდან“ და ასევე, „მედიან ტვ-დან“.
ნიკა ნოვაკი
ნიკა ნოვაკი რადიო „თავისუფლების“ რუსული ბიუროს თანამშრომელია ქალაქ ჩიტადან. ის 2023 წლის 25 დეკემბერს დააკავეს და ბრალად „უცხოურ ორგანიზაციასთან საიდუმლო თანამშრომლობა“ წაუყენეს. ჟურნალისტს 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციები წერენ, ნოვაკი არის პირველი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ამ მუხლით გაასამართლეს.
მარია პონომარენკო
მარია პონორამენკოს 2022 წელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაკრიტიკა. მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების საფუძვლით. ამ მუხლით რუსეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 20 ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული.
აჰმად იბროჰიმი
ტაჯიკ ჟურნალისტ აჰმად იბროჰიმს რამდენიმე დღის წინ ტაჯიკეთის ქალაქ კულობში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთის, Payk-ის მთავარ რედაქტორს ბრალი მოქრთამვაში, გამოძალვასა და ექსტრემიზმში დასდეს. მისი საქმეს გრიფი საიდუმლო მიანიჭეს და სწორედ ამიტომ, საზოგადოებისთვის უცნობია საქმის გარემოებები. გარდა ამისა, ჟურნალისტს პროცესზე არ ჰყოლია ადვოკატი, რადგან ანგარიშსწორების შიშით ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს. ხოლო ვინც დაცვაზე თანახმა იყო, ისეთი ანაზღაურება მოითხოვა, რაც ჟურნალისტმა ვერ გადაიხადა.
როგორც ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ წერს, აჰმად იბროჰიმი გასული წლის აგვისტოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. რადიო „თავისუფლების“ ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ჟურნალისტის დაკავების ოპერაცია წინასწარ იყო დადგმული.
გარდა ამისა, გამოძალვის ბრალდება შესაძლოა, უკავშირდებოდეს გაზეთის გამომწერებს, თითქოს ისინი აიძულეს, გამოეწერათ გაზეთი. ჟურნალისტი ყველა ბრალდებას უარყოფს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ანგარიშსწორება გადაწყვიტა, რადგან გაზეთი Payk ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა რეგიონში.
ჩჟან ჩჟანი
ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი ჩჟან ჩჟანი 2020 წელს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემიის დაწყებისას ქალაქ ვუჰანში ჩავიდა და მოქალაქეებს ადგილზე შექმნილ პრობლემებზე უამბობდა. ის „არეულობის გამოწვევის“ ბრალდებით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სავარაუდოა, რომ ჟურნალისტმა საპატიმრო გასულ წელს დატოვა, თუმცა ამის შესახებ ცნობები უფლებადამცველთათვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი. ჩჟან ჩჟანის პატიმრობის პერიოდში მისი ოჯახის წევრებს მედიასთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ცნობით, 2024 წელს ჩინეთში 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული, თუმცა რეალურად, მათი რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. როგორც წესი, ტოტალური თვალთვალისა და კონტროლის საშუალებით, ჩინეთის ხელისუფლება დაკავებულთა ოჯახებს უკრძალავს რაიმე სახის ინფორმაციის გაცემას. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტთა გაუჩინარებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახები იგებენ, რომ ისინი სხვადასხვა ბრალდებით დააპატიმრეს.
შირინ საიდი
ირანელ ჟურნალისტ შირინ საიდს 2024 წელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ „შეკრებისა და მოლაპარაკებების გამო“. ის 2023 წელს დააკავეს და მისჯამდე რამდენიმე თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იყო, რაც უფლებადამცველებმა გაუმართლებლად მიიჩნიეს.
დაპატიმრებამდე ის ესწრებოდა ვორქშოპს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში. როგორც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ წერს, ირანის რეჟიმი მსგავს ვორქშოფეში მონაწილეობას საფრთხედ აფასებს.
ირანი ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოა ჟურნალისტების წინააღმდეგ. მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ (2022 წლის სექტემბერი) დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ათეულობით ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებმაც მაჰსა ამინის მკვლელობა გააშუქეს, ან ინტერვიუები ჩაწერეს მისი ოჯახის წევრებთან.
ხშირ შემთხვევაში, ირანის რეჟიმი დაპატიმრებულ ჟურნალისტებს დაკისრებულ მრავალწლიან სასჯელებს ბოლომდე არ ახდევინებს და მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ პირობით ათავისუფლებენ, ან დღესასწაულებზე იწყალებენ, თუმცა მათზე მკაცრ კონტროლს აწესებენ: უკრძალავენ ჟურნალისტად მუშაობას, ქვეყნის დატოვებას და ა.შ. რეჟიმი ამგვარად ცდილობს მედიის შეზღუდვას.
ამავე თემაზე: