ბოლნისში მომხდარი ავარიის გამო, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვნი დაიღუპა, მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.