დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პენიტენციურის მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-10000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, გადახდისთვის კი 20 დღის ვადა მიეცათ.
10 000-ლარიან გირაოს თავად პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარემ ალტერნატივად 3000 ლარი წამოაყენა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.
გიორგი პატარიძეს, პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, ედავებიან 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).
გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას კი ედავებიან 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).
რამდენიმე საათით ადრე განიხილა სასამართლომ დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე კრიმინალური ავტორიტეტებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ისინი სხვა საქმეების ფარგლებში ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან.
დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე 13 ნოემბერს წარედგინა ბრალი სულ 7 ადამიანს: პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას; ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწრო“).
პროკურატურის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის „თხოვნა“ გაითვალისწინეს პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორებმა, როცა ფეიქრიშვილთან საკანში ბრალდებულები შეასახლეს, რომლებიც შემდეგ ფეიქრიშვილზე დღეების განმავლობაში ძალადობდნენ.
ადვოკატი და ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები 3 კვირის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ დავით ფეიქრიშვილს საკანში სცემდნენ და ამაში მონაწილეობდნენ პენიტენციური სამსახურისა და ციხის ხელმძღვანელები. მხოლოდ 3 კვირის შემდეგ დაადასტურა ეს პროკურატურამ. მანამდე ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა პენიტენციური სამსახური.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ამ საქმეზე მათთან ერთად დააკავეს შოთა ყიფიანიც.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
netgazeti