პენტაგონი ადასტურებს რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებს

5 days ago 10

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ჯარების მხარდასაჭერად კურსკის ოლქში მებრძოლ ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ 16 დეკემბერს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

მან დაღუპულების და დაჭრილების რიცხვი არ დაასახელა.

რაიდერის ინფორმაციით, რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის არმიის 12 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებში არიან ინტეგრირებული და მათ ძირითადად ქვეითებად იყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 14-15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფლებში, პლეხოვოშო, ვოროჟბასა და მარტინოვკაში მოკლული და დაჭრილია ჩრდილოეთ კორეის არმიის სულ მცირე 30 ჯარისკაცი, სოფელ კურილოვკის რაიონში კი დაკარგულად ითვლება სულ მცირე 3.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმიის მოიერიშე ჯგუფების დანაკარგების გამო მათ ჩრდილოეთ კორეის არმიის 94-ე ბრიგადის სამხედროებით ავსებენ.

15 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც, მათი ინფორმაციით ასახავს კურსკის ოლქში ლიკვიდირებული რუსი და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ცხედრებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

სრულად წაკითხვა