WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საჰაერო თავდაცვის ამერიკული სისტემების, Patriot-ის დამატებითი საზენიტო რაკეტები, რომელთა გაგზავნის პროცესი სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. ეს რაკეტები უკრაინას სჭირდება რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.

გამოცემა Financial Times-ის წყაროთა თანახმად, პროცესი შეფერხებულია იმის გამო, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს შესაბამისი ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია.

საუბარია დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის შეძენილ 60-მდე რაკეტაზე, რომელთა უკრაინისთვის მიწოდება, მათ შორის ევროპის ქვეყნების არსენალებიდან, უკვე შეთანხმებულია. იმის გამო, რომ რაკეტები ამერიკული წარმოებისაა, უკრაინისთვის მათ გადაცემას პენტაგონის ნებართვა სჭირდება.

სექტემბერში უკრაინას უნდა მიეღო 8 რაკეტა, 10-10 - ოქტომბერსა და ნოემბერში და 12 - დეკემბერში, თუმცა პროცესი არ დაწყებულა ჰეგსეთის შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო.

Financial Times-მა განმარტებისთვის მიმართა პენტაგონს, სადაც ზოგადად მხოლოდ ის უთხრეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს, აუცილებელია ამერიკული რაკეტების მიწოდება აღარ შეფერხდეს და დასავლელმა პარტნიორებმა დააჩქარონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სხვა საშუალებების გადაცემაც.

საჰაერო თავდაცვა უმთავრესი საკითხი იყო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საკონტაქტო ჯგუფის ბოლო სხდომაზეც, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას უწევდა მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას.
  • პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი თქვა. მან 2025 წლის ივლისში გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ ნატოს სხვა წევრი, ძირითადად, ევროპული ქვეყნები.