„პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია“ — პრეზიდენტი დასავლელ ელჩებს შეხვდა

2 weeks ago 16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს დღეს, 4 მაისს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული ძალისხმევისათვის ელჩებს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის თქმით, „ოცნება“ თავისი ქმედებებით, რაც რუსული კანონის შენობრუნებას გულისხმობს, კონსტიტუციაზე ძალადობას და ამ კანონპროექტის განხილვისთვის შერჩეული თარიღები „პროვოკაციულია“.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 13-17 მაისის კვირასაა დაგეგმილი. 17 მაისი ბოლო წლებში არაერთხელ გამხდა დაპირისპირების მიზეზი, რადგან მართმადიდებელმა ეკლესიამ, ხელისუფლების ხელშეწყობით, არაერთხელ ჩაშალა ლგბტ+ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მცდელობა, საპატრიარქომ კი ეს დღე „ოჯახის სიწმინდის“ დღედ გამოაცხადა. 

პრეზიდენტის სიტყვას, რომლითაც მან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა, ნეტგაზეთი გთავაზობთ უცვლელად:

„მადლობა შაბათს, ჩვენთვის აღდგომის წინა დღეს, თქვენთვის კი,  დასვენების დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეგულარულად გავმართოთ, რათა მნიშვნელოვან ეტაპზე თქვენი ინფორმირება მოვახდინო არსებული სიტუაციის შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მთავრობებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებებისათვის.

ნამდვილად, საქართველოს ევროპული გზა საქართველოს ერთადერთ გზად რჩება (როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი) და სწორედ ეს ის კონსტიტუციაა, რომლის დასაცავადაც აქ ვარ. მე ვიცავ კონსტიტუციას და ასევე, წარმოვადგენ და ვიცავ საზოგადოების ხმას, იმ ახალგაზრდების ხმას, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიანად და ძალიან პასუხისმგებლინად დგანან, მაგრამ ასევე, სხვა დანარჩენი მოსახლეობის ხმას, რომლებიც შეიძლება ქუჩებში არ გამოდიან, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე იზიარებენ ევროპულ პერსპექტივას და გეგმას და რომლებმაც გამოხატეს ევროკავშირში გაწევრიანების ნება.

მინდა გითხრათ – ყველანი ვადევნებთ თვალს ამ აქციას, მე არ ვარ არცერთი ამ მოძრაობის ლიდერი – მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, მე მხოლოდ მხარს ვუჭერ იმ ყველაფერს, რაც თანხვედრაშია ჩვენს ევროპულ სურვილთან, მაგრამ ასევე, ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის სტაბილურობა.

მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ  ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან ამ მოვლენათა ჯაჭვი მათ გამოიწვიეს.

ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა.

ამ კანონებს მე ერთი-მეორის მიყოლებით ვადებ ვეტოს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ თუ გვინდა, რომ წლის ბოლომდე (ან უახლოეს პერიოდში) გავხსნათ მოლაპარაკებები. ასე რომ, ამის გაკეთება [ამ კანონის ხელახლა წარდგენა] თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო საზოგადოებაზე ძალადობა. იმ საზოგადოებაზე, რომელიც ყოველთვის ხედავდა, რომ საუკეთესო თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გრძელვადიანი დაცვა და თავდაცვა რუსეთის ნებისმიერი იმპერიალისტური მცდელობებისგან – ევროკავშირია.

ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული. თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია – 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტურქტურას, ქართული იდენტობის დაცვას; ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს იყო საქართველოს ინტერესში.

და ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით, მინდა ამისათვის ოფიციალურად მადლობა გადაგიხადოთ, რადგან (ყველგან რომც არ ჩანდეს) ეს ისაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან.

ასევე, ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.

ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება.

მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის – ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების.“

სრულად წაკითხვა