კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში. შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
"პრეზიდენტმა მონიშნა მოლაპარაკების თემა - ესაა უსაფრთხოების საკითხები ორი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის, უკვე მას მერე, რაც მშვიდობიან გადაწყვეტაზე გავალთ" - თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა კრემლი მოლაპარაკებებთან ევროპის შეერთების შესაძლებლობას, პერკოვმა უპასუხა - "იმთავითვე გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მაგრამ მოლაპარაკება, რომელსაც საქმე ეხება, სამმხრივი ფორმატის იქნება".
მანამდე გამოცემა The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ევროპის ლიდერები განიხილავენ ხუთ კანდიდატურას, უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მომლაპარაკებლის როლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ესენია იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი, დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტერი.
სამმხრივი მოლაპარაკების განახლების საკითხი განიხილეს 21 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში, პუტინის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მაშინ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა მზაობა მოლაპარაკება "ნოემბრის 10-იან რიცხვებში" განახლდეს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას სამმხრივი მოლაპარაკების თაობაზე.
radiotavisupleba ახალი ამბები