WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ღია წერილი „ქართულ ოცნებას“

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი: „ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა“.

ფრაგმენტები „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიდან:
2011 წელი: „მე იმედი მაქვს, გავაოცებთ ევროპას დემოკრატით, რომელსაც საქართველოში შევქმნით“;
2016 წელი: „ჯობია იყოს ხელისუფლების გადაჭარბებული კრიტიკა, ვიდრე იყოს არასაკმარისი კრიტიკა“;
2018 წელი: „რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა. ეს არ არის იოლი, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდებზე არასდროს არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს ცდუნება, რომ ეს შეიცვალოს… სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ხალხის ნდობით. ხალხის მაქსიმალური ნდობა უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ხელისუფლებას, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში ასეთი დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფო მართოს“.

ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციაც, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაც და ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებიც ადასტურებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება,- იყოს კრიტიკულიც და გადაჭარბებულად კრიტიკულიც მთავრობის მიმართ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება უბრალოდ არ მოწონდეს მთავრობა, ეჭვის თვალით უყურებდეს მთავრობას, მუდმივად ეძებდეს ხარვეზებს მთავრობის მუშაობაში, გნებავთ, კრიჭაში ედგეს მთავრობას, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გაწიოს მთავრობის საპირწონე აგიტაცია-პროპაგანდა და გამართოს საპროტესტო აქცია.

მინდა ცალკე შევეხო საპროტესტო აქციებსა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
საპროტესტო აქციების მიზანია არა რევოლუცია, არამედ მთავრობის ყურადღების მიპყრობა კონკრეტული საკითხისადმი. თუ საპროტესტო აქცია ძალზედ მასშტაბურია, მთავრობამ ეს უნდა აღიაროს და პოზიცია აუცილებლად უნდა შეცვალოს. თუ საპროტესტო აქციები მასშტაბს ვერ იძენს, ამ შემთხვევაშიც კი მთავრობამ დიალოგი უნდა აწარმოოს მომიტინგეებთან, გაგებით უნდა მოეკიდოს მათ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალისწინოს.
რაც შეეხება მცდარი ინფორმაციის გავრცელებას,- ამ შემთხვევაშიც მთავრობამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს ობიექტური რეალობა, მიუთითოს შეცდომაზე ან ამხილოს სიყალბე (თუ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს), მაგრამ სადამსჯელო ბერკეტების გამოყენება დაუშვებელია. ცხადია, ასევე, დაუშვებელია, ნებისმიერი კრიტიკის გამოცხადება საბოტაჟად ან დესტაბილიზაციის მცდელობად ან სახელმწიფო გადატრიალებად ან სუვერენიტეტის შელახვად ან სამშობლოს ღალატად!

სწორედ ამ კონტექსტში მინდა შევეხო დავით გარეჯის თემას. მე პირადად, სხვებთან ერთად, დავით გარეჯისთვის ვიბრძვი 1988 წლის სტუდენტური აქციებიდან და ვთვლი, რომ მაქვს უფლება ვისაუბრო და ვიბრძოლო დავით გარეჯისათვის, მაგრამ აქ სხვა რამაა დამაფიქრებელი. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დავით გარეჯი საარჩევნო თემად აქცია, გამოძიებაც დაიწყო და კარტოგრაფებიც დააპატიმრა. მაშინ ირაკლი კობახიძემ გვამცნო: სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ დავით გარეჯში 70-80 მილიონი აიღოო. დავით გარეჯის დათმობა რომ სააკაშვილმა დაიწყო, ეს კობახიძეზე ადრე მე ვიცოდი. მაშინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირველად გადმოვიდნენ ჩიჩხიტურის კოშკთან. ჩვენ დაახლოებით 3000 კაცი შევიკრიბეთ, დავით გარეჯში ჩავედით და პირდაპირ უდაბნოსკენ დავიძარით. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდნენ პირვანდელ დისლოკაციას და მას შემდეგ, აქეთ აღარ გადმოსულან. სხვათა შორის, მაშინ კობახიძე ჩვენთან ერთად არ ყოფილა. მაშინ კობახიძე გაეროში ექსპერტად მუშაობდა და მსგავს აქციებს ემიჯნებოდა.

ახლა ერთ კითხვას დავსვამ: 2020 წელს დაწყებული გამოძიების შედეგად რა მივიღეთ? სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერც მე გავიგე და ვერც ფართო საზოგადოებამ, არადა, 6 წელი უკვე კი გავიდა.

პროკურატურის განცხადებიდან ერთი სასიხარულო ამბავი კი გავიგეთ, რომ ჯერ არანაირი შეთანხმება არ შემდგარა და დავით გარეჯში სადემარკაციო კომისიას საზღვრის დარჩენილი ნაწილი ამ დრომდე აზერბაიჯანულ მხარესთან არ შეუთანხმებია. განა ამ ინფორმაციას პროკურატურა უნდა გვამცნობდეს?! აბა, მთავრობის პრესსამსახურს რა ევალება? როცა ხედავ, რომ საზოგადოება ღელავს, კითხვებს სვამს, მაინც და მაინც პროკურატურამ უნდა გვამცნოს, რა სტადიაშია სადემარკაციო კომისიის საქმიანობა?!

მაგრამ ახლა სხვა კითხვის დასმა მინდა: „ქართულ ოცნებას“ თუ აქვს უფლება დავით გარეჯზე ისაუბროს და საარჩევნო თემადაც წარმოაჩინოს, ჩვენ რატომ არა გვაქვს? ჩვენ რატომ არა გვაქვს უფლება დავსვათ კითხვა: რატომ ვეღარ მივდივართ ჩიჩხიტურის კოშკთან, ბერთუბანში ან უდაბნოს ტაძართან? რატომ გამოაცხადა ეს ზონა აზერბაიჯანმა სახელმწიფო ნაკრძალად და რატომ შენდება იქ კაპიტალური შენობები? რატომ ცხადდება ქართული ტაძრები ალბანურ ტაძრებად? ამ კითხვებს მარტო ჩვენ კი არ ვსვამთ, ამ კითხვებს ყველა ქართულ ოჯახში სვამენ და ამ კითხვებს თუ ვსვამთ, თუნდაც, გადაჭარბებულ კრიტიკას ვეწეოდეთ, სადემარკაციო კომისიის მუშაობას ეს რანაირად აფერხებს?

ჩემთვის სრულიად გაუგებარია დიტო ჩუბინიძის ჟურნალისტურმა საქმიანობამ როგორ შეიძლება შეაფერხოს სადემარკაციო კომისიის მუშაობა და რომც შეაფერხოს, ჟურნალისტს აღარ აქვს კითხვების დასმის უფლება? ანალოგიურად ხვალ მთავრობის ნებისმიერი წევრი გვეტყვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა, კრიტიკა ან საპროტესტო აქციები აფერხებს მის მუშაობას და რა ვქნათ, უარი ვთქვათ კრიტიკასა, თუ საპროტესტო აქციებზე? თქვენივე ლიდერის სიტყვები ადასტურებს, რომ მთავრობამ სწორედაც რომ კრიტიკის ქარცეცხლში უნდა იმუშაოს ანუ სადემარკაციო კომისიამაც მძაფრი კრიტიკის პირობებში უნდა შეძლოს მუშაობა და თუ არ შეუძლია, ამის გამო ჟურნალისტი კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ისეთი ხალხი უნდა შეიყვანონ კომისიაში, ვინც ნებისმიერ ვითარებაში მუშაობას შეძლებს. სადემარკაციო კომისია საჯარო სტრუქტურაა და არა სპეცსამსახური და ცხადია, რომ მისი მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ ამ კომისიის საჯარო ანგარიში საზოგადოებას არც ერთხელ არ მოუსმენია.
არსებობს ვითარება, როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში მთავრობამ ცალკე უნდა მოიწვიოს ჟურნალისტები, გაესაუბროს მათ, აუხსნას ვითარება და, სახელმწიფო საიდუმლოებიდან გამომდინარე, კონკრეტული მოთხოვნები გააცნოს, მაგრამ კობახიძის მთავრობა ამპარტავნებამ შეიპყრო. ის არც ვინმესთან თანამშრომლობს და არც ვინმეს ელაპარაკება.

2019 წელს ჩვენ დავით გარეჯში მასშტაბური აქცია გავმართეთ. აქციაში 12 500 კაცი მონაწილეობდა. მაშინ კობახიძემ პარლამენტის დარბაზში მითხრა: ვითარებას ვაკონტროლებთ, ჩვენთვის სასიკეთოდ ვლაგდებით, ამ თემაზე აქციებს ნუღარ მოაწყობთ, სახელმწიფოს ხელს ნუ შეუშლითო. ეს ორწუთიანი საუბარიც კი საკმარისი აღმოჩნდა- ჩვენ ყველანაირი აქციები შევაჩერეთ და ხელისუფლებას ასპარეზი დავუთმეთ.
დავით გარეჯის ირგვლივ საზოგადოების კითხვებს პრემიერ-მინისტრი პასუხობს: ჩვენ მეგობრულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო. ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ჯერ ერთი- არავის არ სურს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა და ცხადია, არამეგობრულ მოლაპარაკებებს არავინ ითხოვს, მეორეც- ეს პასუხი საზოგადოების კითხვებს ვერ და არ მიესადაგება, ხოლო თუ სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა განმარტება, თუნდაც, კონფიდენციალურ რეჟიმში.
ამ კონტექსტში დიტო ჩუბინიძის დაკავება არა მარტო გაუგებარია, არამედ აღიქმება, როგორც სიგნალი: ყველას დავიჭერთ, ვინც დავით გარეჯზე ლაპარაკობს, უარესიც, ყველას დავიჭერთ, ვისაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე არ მოწონს და აკრიტიკებს.

მეტიც, კარგად მესმის, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, სხვაზე მეტად, კობახიძეს ჩემი დაჭერა სურს და მინდა საჯაროდ ვუთხრა მას: ამ ქვეყნისთვის ორი ომი გამოვიარე, შენ რამდენი წლისაც ხარ, იმაზე სამჯერ მეტი დაჭრილი მყავს ბრძოლის ველიდან ზურგით გამოტანილი, არც ტყვიის შემშინებია, არც სიკვდილის და არც შენი ციხის მეშინია,- იქაც ღირსეულად ვიჯდები. ახლავე იცოდე, რომ ვერც ჯაშუშისა და ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს ვერ მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით.

და ბოლოს, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დავით გარეჯის თემაზე საუბრობს არა მარტო დიტო ჩუბინიძე ან მე ან უამრავი სხვა ადამიანი, არამედ საუბრობს „ქართული ოცნების“ შსს ექსმინისტრი, თავდაცვის ექსმინისტრი და ორგზის პრემიერ-მინისტრი და ამ ვითარებაში ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების კითხვები სრულიად გასაგებიცაა და ლეგიტიმურიც, ხოლო დიტო ჩუბინიძის დაკავება საერთოდ გაუგებარია და ორმაგად გაუგებარია სამშობლოს ღალატის ბრალდება.

თვალშისაცემია კიდევ ერთი მანკიერება- ყველა ასეთ საქმეს, სრულიად დაუსაბუთებლად, საიდუმლოობის გრიფი ედება და ადამიანს უკლავენ საშუალებას, რომ თავი გაიმართლოს საჯაროდ, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, მსგავსი პრაქტიკა ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ადგილი აქვს ადამიანების ტოტალური დაშინების მცდელობას, რათა აღარავინ აღარაფერზე აღარანაირი კითხვა აღარ დასვას.

აქვე მივმართავ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს: ბოლო დროს პრემიერ-მინისტრი კობახიძე მუდმივად გვეუბნება, რომ ყველა გადაწყვეტილებას თქვენთან ათანხმებს. მეტიც, რამდენჯერმე ღიად თქვა,- მარტო კი არ ვათანხმებ, მნიშვნელოვან საკითხებში საბოლოო სიტყვა ივანიშვილს ეკუთვნისო, ამიტომ პირადად გთხოვთ: შეაჩეროთ ადამიანების დაპატიმრების, ჯაშუშებად შერაცხვისა და სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადების კამპანია. მსგავს კამპანიებს სიკეთე არასდროს მოუტანია.

ირმა ინაშვილი
თბილისი, 24 ოქტომბერი, 2026 წელი.