უნგრეთის ხელისუფლება აღაშფოთა, უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ანტალ როგანის, მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა და აცხადებს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შესვლის შემდეგ.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელს, ანტალ როგანს, რომელიც უნგრეთში კორუფციულ სქემებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
"მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა აქტივების უზარმაზარი იმპერიები ააშენეს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა პრესკონფერენციაზე. "ანტალ როგანი არის ამ კორუმპირებული სისტემის მთავარი არქიტექტორი, შემსრულებელი და ბენეფიციარი."
ამ განცხადების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, როგანის მიმართ სანქციების დაწესებაში უნგრეთში აშშ-ის ელჩი დაადანაშაულა.
"ეს არის პირადი შურისძიება ელჩისა, რომელიც უნგრეთში აშშ-ის დამარცხებულმა ადმინისტრაციამ გამოგზავნა... რა კარგია, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ხედავენ მეგობარს და არა მტერს", - დაწერა ფეისბუკში პიტერ სიიარტომ.
უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ეტაპობრივად უარესდებოდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ, უკრაინის ომის მიუხედავად, ბუდაპეშტს თბილი ურთიერთობები აკავშირებს მოსკოვთან.
ამავე დროს ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მხურვალე მხარდამჭერად ითვლება ევროპაში.
როგანი „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ სიაში შეიყვანეს „მაგნიტსკის გლობალური კანონის“ შესაბამისად, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დამრღვევთა და საერთაშორისო მასშტაბის კორუფციაში მონაწილეთა წინააღმდეგ.