პოლიცია აქტივისტების სახლებს ჩხრეკს, დაკავებულია ისაკო დევიძე

3 hours ago 3

რამდენიმე საათია თბილისის მასშტაბით პოლიცია აქტივისტების და რიგითი მოქალაქეების სახლებს ჩხრეკს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მოქალაქე ისაკო დევიძისა და ფეისბუქ ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის [ქრისტინე ბოტკოველი] სახლები. ამ უკანასკნელის სახლში ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს [16:30]. პროცესს ესწრება ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა უკვე დასრულდა. თუმცა, როგორც თავად ღლონტმა განაცხადა, მას ადვოკატი არ ესწრებოდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

რაც შეეხება ისაკო დევიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩხრეკის საფუძვლებს, უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. კონკრეტულად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა”, – აცხადებენ სამინისტროში.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” იურისტი, ანა გახოკიძე “ნეტგაზეთს” უყვება ნენსი ვოლანდის სახლში მიმდინარე ჩხრეკის შესახებ. მისი თქმით, აქტივისტი დაახლოებით 14:15 წუთზე დაუკავშირდა მას და კიდევ ერთ ადვოკატს, შოთა თითბერიძეს და უთხრა, რომ დაურეკა უცნობმა კაცმა, რომელიც არ გაეცნო, თუმცა მიუთითა, რომ იყო პოლიციიდან. მან აქტივისტს უთხრა, რომ 5 წუთში მასთან პოლიციელები მივიდოდნენ, მას კი დაუყოვნებლივ უნდა გაეღო კარი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ძალის გამოყენებით შეჭრით დაემუქრნენ.

“როცა ადვოკატები მოვედით, დაგვხვდა დაახლოებით კრიმინალური პოლიციის 7-8 ავტომობილი – ზოგი ბრენდირებული, ზოგი დაბურული. ასევე, საგანგებო სამსახურის ერთი პიკაპი. როდესაც ერთი ადვოკატი [შოთა თითბერიძე] მაღლა ავიდა მეორე მოწმესთან, ნენსის დეიდასთან ერთად, მას მისცეს სადარბაზოში შესვლის უფლება, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით. სხვა ადამიანებისთვის შეზღუდულია სადარბაზოში გადაადგილება.

ადვოკატი დაუშვეს მისამართზე და დაიწყო ჩხრეკა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მანამდე არ იყო დაწყებული, ხოლო მეორე მოწმეზე, დეიდაზე, უარი თქვეს და არ დაასწრეს პროცესს. ასევე, უარი თქვეს პროცესის გადაღებაზე. ნენსის სურდა ლაივის ჩართვა.

ამის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთში სადარბაზოდან გამოდიან გადაუდებელის თანამშრომლები, სპეციალურ ფორმაში ჩაცმულები. ხელში ეკავათ სპეციალური რკინის მჭრელი საშუალება, რითაც შესაძლებელი იყო რკინის კარების გაჭრა და ძალით ნენსის სახლში შესვლა. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია არ გამოუყენებიათ ეს მოწყობილობა და შემდგომ, ამ ადამიანებმა დატოვეს ეს ტერიტორია. ასევე პოლიციელების რაოდენობაც, შედარებით შემცირდა”, – ამბობს ანა გახოკიძე.

სრულად წაკითხვა