"პოლიციელები ამბობდნენ, ვინაა ამისთანა, ავაწრიალეთ გურია და აჭარა ამის გამოო" - ადვოკატი მეგი დიასამიძის დაკავებაზე

3 days ago 1

23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის დაკავების შესახებ დეტალებს ჰყვება ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელმაც დაკავებული 11 სექტემბრის გამთენიისას მოინახულა თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. დიასამიძე 10 სექტემბერს ლანჩხუთთან დააკავეს და თბილისში გადმოიყვანეს. ამავე დღეს შსს-ს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, მას გამოძიება 9 სექტემბერს თბილისის მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის ბანერზე წარწერის გაკეთებას ედავება.

როგორც შოთა თუთბერიძე ჰყვება, სტუდენტი იმ მიკროავტობუსიდან გადაიყვანეს დასაკავებლად, რომლითაც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობდა.

"ოკრიბას ავტოსადგურიდან მიდიოდა აჭარაში, მშობლებთან. სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც მიდიოდა, შუა გზაში გაჩერდა, ზუსტად არ ახსოვს რა ადგილას გაჩერდა, მაგრამ ამბობს, რომ, სავარაუდოდ, რიკოთს უკვე გაცდენილები იყვნენ.

გაჩერებულ მანქანას მოადგა მეორე "მარშუტკა", მგზავრებს უთხრეს, ეს მანქანა, რომლითაც მგზავრობდით, გაფუჭდა და ვისაც გეჩქარებათ, ამ მეორეში გადასხედითო. მეგი დასვეს წინა სკამზე, მძღოლის გვერდით.

ეს მეორე "მარშუტკა" ხშირად, ლამის ყოველ 100 მეტრში აჩერებდა და სადღაც რეკავდა მძღოლი. მერე ლანჩხუთისკენ წავიდა და რაღაც დაუსახლებელ ტერიტორიაზე გააჩერა პატრულმა. თავიდან თითქოს მძღოლს ეჩხუბებოდა პოლიცია, სხვა მანქანას გზა რატომ არ დაუთმეო, მერე მოუარეს პოლიციელებმა მანქანას, მოვიდნენ მეგის მხარეს და წაართვეს ტელეფონი, მერე მანქანიდან გადმოიყვანეს და გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში.

საბოლოოდ სხვამ გააჩერა, სხვამ დააკავა და თბილისში სხვამ დააკავა. პირველ ეპიზოდში, "მარშუტკა" რომ გააჩერეს და მეგი გადმოიყვანეს "მარშუტკიდან", ალბათ დაახლოებით 30 კაცი მაინც იყო", - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძემ. როგორც მას უთხრა მეგიმ, დაკავების შემდეგ მუდმივად ითხოვდა ადვოკატთან და ოჯახთან დარეკვას, თუმცა ამაზე უარს იღებდა, ეუბნებოდნენ გვაქვს უფლება, სამ საათს არ დაგარეკვინოთო. მეტიც, მისთვის ისიც კი არ განუმარტავთ, არც დაკავებისას და არც იზოლატორში შესახლებისას, რა დანაშაულისთვის და რა ბრალდებით იყო დაკავებული.

"ჯერ ლანჩხუთში წაიყვანეს, იქიდან დარეკეს თბილისში, დაელოდნენ თბილისიდან ჩასულ თანამშრომლებს და მათ გამოატანეს თბილისში.

პოლიციელები ამბობდნენ, ვინ არის ამისთანა, ავაწრიალეთ მთელი გურია და აჭარა ამის გამოო.

მთელი გზა ხელებშეკრული ამგზავრეს, ეტყობა კიდეც ბორკილების კვალი. ითხოვდა, რომ მოეშვათ ბორკილები და უთხრეს, არ იმოძრაო და ნაკლებად გეტკინებაო.

შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას ვერ იხსენებს, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა "სწერვობებს", აქციებთან დაკავშირებულ კითხვებს, ვისთან ერთად დადიოდი, რას შვრებით იქ, რას აკეთებთ ხოლმე და ა.შ. გზაში თმა ჩამოეშალა, რომლის გასწორებასაც ფეხით ცდილობდა და ერთ-ერთმა პოლიციელმა ქალმა ფაქტობრივად დედობრივი მზრუნველობა გამოიჩინა და ხელით დავარცხნა და გაუსწორა თმები", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

მეგი დიასამიძისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

მის მადისკრედიტებელ კამპანიაში უკვე მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მას "ნაცი აქტივისტი, "ტიტუშკა" უწოდა, კახა კალაძემ კი - "რადიკალი."

"მე გავიმეტე [ციხისთვის] თუ თვითონ გაიმეტა თავის თავი? არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება… ამას არც თქვენ [ჟურნალისტები] წყვეტთ და არც მე, ამას წყვეტს მოსამართლე. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა. მე რომ მოვიდე თქვენთან სახლში და დაგიზიანოთ თქვენი სახლი?“ – ასე უპასუხა კალაძემ მედიის კითხვებს სტუდენტის დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 10 სექტემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის დაკავებულია იმის გამო, რომ მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. მეგი დიასამიძის ბრალდებად შსს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას უთითებს.

კახა კალაძის შტაბის გახსნის შემდეგ ამ შენობასთან მომხდარი დაპირისპირებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი გამოძიება აქვს დაწყებული: ერთი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, მეორე წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობაზე ან ძალადობის მუქარაზე, მესამე კი სწორედ ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევებზე.

ამ მუხლის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, ისჯება:

  • ჯარიმით;
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-180 საათამდე;
  • გამასწორებელი სამუშაოთი;
  • შინაპატიმრობით;
  • ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

იგივე ქმედება „არაერთგზის“ და „ჯგუფურად“ ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.

წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობა აუცილებლად სისხლის სამართლის წესით არ განისაზღვრება - საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა