ტვ პირველის” ჟურნალისტი, რომელიც ქვემო ქართლის გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, კლინიკაში რჩება – მარიამ მაკასარაშვილს მძიმე ტვინის შერყევა და სახის არეში დაბეჟილობა აღენიშნება.
რაც შეეხება მის ოპერატორს, როგორც მარიამ მაკასარაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, ნუკრი ქაფიაშვილს, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრებმა კამერა წაართვეს და თავში ჩაარტყეს, ჰემატომა აქვს.
“ტვ პირველის” ჟურნალისტს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან განმარტავს, რომ მომხდარიდან 5 საათზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, იგი არავის გამოუკითხავს.
ჩვენი პირადი ტექნიკა ჰქონდათ გატაცებული. ადგილზე არავინ არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ სასწრაფო, ისიც 1 საათის შემდეგ. საათსა და 15 წუთში ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი. ჩვენი დიალოგი იყო ზუსტად ასეთი, ამ ადამიანებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? კი-მეთქი, კარგითო და წავიდნენ. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს ისინი. ჩემი გამოკითხვა მათ ადგილზე არ მოუხდენიათ, თავდამსხმელიც არ გამოუკითხავთ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ”, – ამბობს მარიამ მაკასარაშვილი.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.
ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ “ტვ პირველის” სამაუწყებლო აპარატურა – კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია.
შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა დღეს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. “შინჯიკა” ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.