გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს - უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
მის წინააღმდეგ სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა - ყველაზე მკაცრი იძულებითი ღონისძიება, რომელიც შეიძლება ბრალდებულს შეუფარდო. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას, კერძოდ, მისთვის სილის გაწვნას ედავებიან. მზია ამაღლობელის საქმეში ორი მთავარი კითხვაა:
- არის კი სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა?
- თავდასხმადაც რომ შეფასდეს, არსებობს წინასწარი პატიმრობის საფუძველი?
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნაა, რომ მოსამართლემ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს და უპირატესობა ყოველთვის პატიმრობის ალტერნატივას მიანიჭოს.
ალტერნატივა შეიძლევა იყოს გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
- ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
- ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
- ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უდანაშაულობის პრეზუმციას არ არღვევს და დაპატიმრებული უდანაშაულოდ ითვლება ბრალის დამტკიცებამდე, შესაბამისად, ის შეიძლება გათავისუფლდეს კიდეც - მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯამ საფუძველი შექმნა საუბარი დაწყებულიყო პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.
მზია არ არის ერთადერთი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობიდან მოყოლებული დღემდე მოსამართლეები სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს (ალეკო ელისაშვილისა და არასრულწლოვანების გამოკლებით) პატიმრობას უსჯიან. მათ შორის არიან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები.
მოსამართლეები უპირობოდ იზიარებენ პროკურორების არგუმენტებს და დაცვის მხარის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ.
რა მოხდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში?- პროკურატურამ თავად შეცვალა გადაწყვეტილება და მოსამართლეც დასთანხმდა გირაოს.
პოლიტიკოსს ედავებიან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარისა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის, ალი ბაბაევის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
პოლიტიკოსი ჯერ დააპატიმრეს, 10 დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. თუ 10 დღის წინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ალეკო ელისაშვილი თავისუფლების შემთხვევაში ახალ დანაშაულს ჩაიდენდა და მოწმეებზე მოახდენა გავლენას, 10 დღის შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თქვა, რომ „ელისაშვილის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხების ინტენსივობა შემცირდა“.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ.
არსებითი განხილვის დაწყებამდე პროკურატურას ეძლევა გონივრული ვადა გამოძიებისთვის და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. იმისათვის რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს სასამართლომ უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა ბრალდებულს, გამოძიებას ან იგივე მტკიცებულებების შეგროვებას ხელი შეუშალოს. სხდომას, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობენ - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას უწოდებენ.
რადიო თავისუფლებამ გამოარჩია 6 შედარებით ძველი საქმე, რომელიც მზია ამაღლობელის იდენტური ბრალდებით წარიმართა, თუმცა განსხვავებაა მთავარი - ამ საქმეების ნაწილში ბრალდებული პოლიციას მუშტით, ხელით, ფეხით ან ჯგუფურად სცემს, სასამართლო კი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად მათ გირაოს უფარდებს. ზოგიერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლეების დასაბუთების მოძიებაც შევძელით.
საქმე #1 - გირაო ნასვამი თავდამსხმელისთვის
2023 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს, მოსამართლემ ლია ლაბაძემ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 30 წლის კაცს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი, გიორგი დოლიკაძე პატიმრობას ითხოვდა.
ბრალდებული 2023 წლის 21 მაისს, 00:25 საათზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს - ეს პოლიციელზე თავდასხმაა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქმის მასალების მიხედვით, გ.ღ. თავს დაესხა სტეფანწმინდის პოლიციის განყოფილების გამომძიებელ გელა კალოიანს და სახეში ხელი მტკივნეულად გაარტყა.
ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სტეფანწმინდაში ცხოვრობს, პოლიციელზე თავდასხმის წინა საღამოს მეგობრებთან ერთად გვიან ღამემდე იქეიფა, როცა სუფრიდან ადგა, საკმაოდ მთვრალი იყო და გაზიანი სასმლის ყიდვა გადაწყვიტა. იმდენად ძლიერი ალკოჰოლური თრობა ჰქონდა, რომ არ ახსოვს მარკეტში შევიდა თუ პოლიციაში, არც ის დაუნახავს პოლიციის მუშაკს გელა კალოიანს, როგორი ჟილეტი ეცვა, რა ეწერა, ეგონა, რომ გამყიდველი იყო, მასთან საუბრისას აღელდა, სახეშიც ამიტომ დაარტყა.
„არანაირი პრობლემა არ მაქვს არც პოლიციასთან და არც გელა კალოიანს ვიცნობდი იმ შემთხვევამდე, ვერ ვიაზრებდი თუ სად ვიმყოფებოდი”, - თქვა დაკავებულმა სასამართლო პროცესზე.
დაზარალებული პოლიციელის ჩვენების მიხედვით, პოლიციის შენობაში შესულმა კაცმა მას შარი მოსდო: „პატივს რატომ არ მცემთო…მოხევეებს პატივს რატომ არ სცემთო“. პოლიციელმა - რაში შემიძლია დაგეხმაროო, რაზეც კაცმა უპასუხა „შენ რაში უნდა დამეხმაროო” და შეაგინა.
მოულოდნელად მარჯვენა მუშტი მოუქნია და სახეში დაარტყა, რის გამოც მან „ფიზიკური ტკივილი განიცადა“, პოლიციელმა ამბობდა დარტყმა ისეთ ძლიერი იყო, რომ წავბორძიკდიო.
კაცი, იქვე პოლიციის განყოფილებაშივე დააკავეს.
ბრალდება პატიმრობას ითხოვდა და ამ არგუმენტებს ასახელებდა, რომ:
- თუ არ დააკავებთ მიიმალება, რადგან 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო;
- ისევ ჩაიდენს დანაშაულს, რადგან სამართალდამცვი ორგანოს წარმომადგენოების მიმართ აგრესია აქვს და თავის საქციელს ვერ აკონტროლებსო.
დაკავების სასარგებლო არგუმენტების გასამყარებლად პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებული მანამდე ორჯერ 2021 და 2023 წლებში ასევე ნასმავი მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს აგინა.
მცხეთის სასამართლომ ეს არგუმენტები პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისად არ მიიჩნია და ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა მოსამართლე, სპარტაკ პავლიაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ეს ასე დაასაბუთა:
მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხის არსებობა, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, არ შეიძლება გახდეს ბრალდებულის აუცილებლად პატიმრობაში ყოფნის საფუძველი
„მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხის არსებობა, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, არ შეიძლება გახდეს ბრალდებულის აუცილებლად პატიმრობაში ყოფნის საფუძველი, თუ რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებებით არ იქნება დადასტურებული პირის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობა და გარდაუვალობა.
ამასთან, ქმედების ხასიათი თუ ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა გარემოებები, ცალ-ცალკე არ არის გადამწყვეტი ფაქტორი აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებისას და არ არის მხოლოდ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, არამედ, ზემოაღნიშნული, ისევე, როგორც ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, დანაშაულის სიმძიმე, მოსალოდნელი სასჯელის ზომა, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით არსებული რისკების ხარისხი და საქმის სხვა არსებითი გარემოებები ერთობლიობაში უნდა იქნეს შეფასებული და მხედველობაში მიღებული, როგორც მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებაზე.
პირის თავისუფლებაში ჩარევის ნებისმიერი ღონისძიება განხილული უნდა იქნას ერთი მხრივ უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მეორე მხრივ, საქმის სამართლიანი განხილვისთვის პირის თავისუფლების მნიშვნელობის ფონზე.
სასამართლომ, პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ თუ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. საპროცესო კოდექსით, უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
საპროცესო კოდექსით, უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
...მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არის იმდენად მძაფრი, რომ გარდაუვლად არსებობდეს პირის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენების აუცილებლობა”.
მოსამართლემ დამატებითი ზომებიც მიიღო და დაკავებულს პასპორტი ჩამოართვა.
ამ გადაწყვეტილებიდან ერთ წელში დაკავებული დამნაშავედ ცნეს და თითქმის 5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. მას ბრალი არ უღიარებია და ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ვერ აცნობიერებდა რომ თავს პოლიციელებს დაესხა.
საქმე #2 - თორნიკე აკოფაშვილი, რომელიც აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დააკავეს
2023 წლის მარტის დასაწყისში თორნიკე აკოფაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდა. ის 7 მარტს პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
21 წლის თორნიკე აკოფაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი და უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლია.
პროკურატურამ მისი ბრალის დასამტკიცებლად პროპაგანდისტული პოსტ ტვ-ის გადაღებული ვიდეო გამოიყენა. კადრებში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ ურტყამდა თორნიკე რეზინის ლენტს სპეცრაზმელის ფარს.
თორნიკე 10 მარტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ განაჩენის გამოტანამდე. მისი საქმის განხილვა 7 თვეში 19 ოქტომბერს დასრულდა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თორნიკე აკოფაშვილი დამნაშავედ ცნო პოლიციელზე ძალადობაში, თუმცა პატიმრობის ნაცვლად, ნაკლებად მძიმე სასჯელი, 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პირობითი მსჯავრის ვადის ამოწურვამდე, აკოფაშვილს საქართველოს დატოვება აუკრძალეს.
საქმე #3 - „ველისციხის ინციდენტი“
2018 წლის 19 დეკემბერს თბილისში დააკავეს „ველისციხის ინციდენტის„ მონაწილე, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქეთევან მირიანაშვილი. მას ჯერ პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის ედავებოდნენ, შემდეგ კი მუხლი შეცვალეს და პოლიციელზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.
„ველისციხის ინციდენტი“ შეარქვეს დაპირისპირებას, რომელიც 2018 წელს კახეთში პოლიციასა და ენმ-ის აქტივისტებს შორის, თელავში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს მოხდა.
ოპოზიციას ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, მისი პრეზიდენტობის გასაპროტესტებლად აქცია თელავში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ველისციხესთან, პოლიციამ გზა გადაკეტა, რასაც პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს მოქალაქეების ალყაში მოქცეული პოლიციის მანქანა, რომელზეც ქეთევან მირიანაშვილი ზის.
„მანქანაზე დაჯდომა ან მანქანაში ჩაჯდომა ეს არ არის მიმართული თავდასხმისკენ, ქმედებას აღიარებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული”, - თქვა ქეთევან მირიანაშვილის ადვოკატმა დავით ახალაურმა სასამართლოზე.
ქეთევან მირიანაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვდა, პროკურატურა - 5 000 ლარიან გირაოს. საბოლოოდ, მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა 3 500-ლარიან გირაოზე შეაჩერა არჩევანი და დაკავებული ამ პირობით გაათავისუფლა.
„ველისციხის ინციდენტს“ უკავშირდება ვალერი მუსაევის დაკავებაც პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. შსს-ს ცნობით, მუსაევი 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლო მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილმა მას 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.
საქმე 4# - გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციების მონაწილე დავით ხუციშვილი პოლიციამ 2021 წლის 10 ივნისს, ირაკლი მუკბანიანი კი პირველ ივნისს დააკავა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებს პოლიციელზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.
ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ახალ საყულიაში, „სვანების უბანში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. მის დაკავებაში 50-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა. მთის ამბებიც ცნობით, სპეცოპერაციისას 2 ადგილობრივიც კი დაიჭრა.
შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულები 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს.
გამოძიებას საქმეში ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება ჰქონდა - „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ირაკლი მუკბანიანი პოლიციელს თავში არტყამს გაშლილ ხელს.
დაკავებულ აქტივისტებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ პატიმრობა შეუფარდეს, 2021 წლის 21 ივლისს კი 3-3-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმე თაროზე შემოიდო და მისი განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.
საქმე #5 - გირაოთი გათავისუფლებული ძებნილი
2019 წლის პირველ აპრილს ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა 5 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 29 მარტს საადვოკატო კომპანიის ოფისში დააკავეს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად დაკავების ფორმა დაასახელა და თქვა, რომ დარღვევა იყო.
ბრალდებული საადვოკატო ფირმის ოფისში დააკავეს, რასაც ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ის ძებნილად ითვლებოდა. მასზე ძებნა შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2019 წლის 28 მარტს გამოაცხადა. იმ დღეს ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, მათ შორის გიორგი ანთაძეც.
შსს-მ თქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები გასაშვებელად მისულ პოლიციელებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთი ადამინი ადგილზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მეორეზე კი ძებნა გამოაცხადეს.
გიორგი ანთაძის ადვოკატმა, პაატა ნაკაიძემ თქვა, რომ ძებნილი ანთაძე თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას და ჩვენების მიცემას, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.
„გიორგი ანთაძე დღეს გამოცხადდა ოფისში, რათა ჩაბარებულიყო. მე დავურეკე პოლიციის სამმართველოს, ვაცნობე გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ პოლიციამ არ გვაცალა სამმართველომდე მისვლა და დაგვასწრო. გიორგის ბრალი პოლიციაზე თავდასხმაში ედება, თუმცა არ ვეთანხმებით“, – თქვა ადვოკატმა.
უფლებადამცველის ოფისში დაკავება ბათუმელმა ადვოკატებმაც გააპროტესტეს და პოლიცია ადვოკატების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულეს.
ყველა ეს გარემოება მოსამართლე თამარ ბეჯანიშვილმა ბრალდებასთან ერთად, ერთ კონტექსტში განიხილა, თქვა, რომ დაკავება უკანონო იყო, არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობაზე და დაკავებული ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაუშვა.
საქმე #6 - პოლიციელის ცემა ადმინისტრაციული სამართალარღვევის გამო
2021 წლის 8 ივლისს, გორში საპატრულო პოლიციის ოცმეთაურზე თავდასხმის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავეს და ხუთივეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მათ შორის ერთი „ლელო საქართველოსთვის“ გორის ორგანიზაციის წევრი გიორგი კიკნაძე იყო, რომელსაც მოსამართლემ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პოლიციელს მოქალაქეები სამი წლის წინ ერთ-ერთ ქორწილზე, რესტორანში დაუპირისპირდნენ. შსს-ს ვერსიით, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ცეკვის დროს, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დაარტყა, რაც შემდეგ ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოგვიანებით გაირკვა, დაპირისპირება პოლიციელის მიერ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უკავშირდებოდა.
და როგორ დაასაბუთა მოსამართლემ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება?
მზია ამაღლობელის დაპატიმრების გადაწყვეტილება ბათუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მიიღო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ანუ სისხლის სამართლის სპეციალისტი არაა.
ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წელს შეუდგა საქმიანობას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის შეუცვალეს კოლეგია და როდიდან იხილავს ის სისხლის სამართლის საქმეებს.
ნინო სახელაშვილის სამოტივაციო ტექსტი წერია ის, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძეს ჯერ ქურთუკი მოქაჩა და შემდეგ სილა გააწნა, რაც „მომეტებული რისკის ქცევაა“. მოსამართლემ დაასკვნა რომ შესაძლებელი იყო ამაღლობელს იგივე დანაშაული ისევ ჩაედინა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
„ბრალდებული როდესაც ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა სულ რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან...
მართალია, ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა თუ არა სამართალდარღვევას ადგილი, ვიდრე სასამართლოს არ ექნება გადაწყვეტილება, ბუნებრივია მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, თუმცა თავად ფაქტი, რომ ბრალდებული ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ, საჯარო სივრცეში, მაშინ როდესაც იაზრებდა, რომ მიდიოდა გადაღებები, დასაბუთებული ვარაუდის ფარგლებში ირაკლი დგებუაძეს მოქაჩა ქურთუკზე, მიატრიალა მისკენ და დაარტყა სახეში.
ადმინისტრაციულმა ზომებმა ვერ იქონია მასზე შემაკავებელი გავლენა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩაიდინა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“, - ეს ამონარიდია მოსამართლე ნინო სახელაშვილის დასაბუთებიდან.
საია-ში, რომელიც კარგად იცნობს დასაბუთების გადაწყვეტილების ტექსტს და მზია ამაღლობელის უფლებებს იცავს, გამოყოფს რამდენიმე გარემოებას, რომლითაც ასაბუთებს, რატომაა მზია ამაღლობელის პატიმრობა პოლიტიკური დევნა:
- სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ.
- პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც ამ რისკების არსებობას დაადასტურებდა.
- ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.
- მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.
- სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გაკვრისას, ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე, იგი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საიასვე ცნობით, იმისათვის, რომ პოლიციელთან ფიზიკური შეხება თავდასხმად შეფასდეს უნდა არსებობდეს ცხადი უნდა საკვანძო გარემოებები:
- განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;
- უნდა არსებობდეს თავდასხმის პირდაპირი განზრახვა ;
- თავდასხმა უნდა უკავშირდებოდეს პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობას.
„მზია ამაღლობელის ქმედება - გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი არ ადასტურებს 353 პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება“, - დაწერა საიამ ანალიტიკურ დოკუმენტში, სადაც ამაღლობელის საქმე აფასებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი სტიკერის გაკვრა ქალაქის იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამისთვის მოქალაქის დაკავების უფლება.
მზია ამაღლობელმა იურისტებს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას აგინებდა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანებით მას არაძლევდნენ წყლის დალევის საშუალებას არ გაყავდათ საპირფარეშოში. არ ახვედრებდნენ ადვოკატს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“, - ესაა მზია ამაღლობელის გზავნილი ციხიდან, მისი წინასასამართლო სხდომა 4 მარტსაა დანიშნული, სადაც აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება.
ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის მე-19 დღეა გასული, რაც მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.