პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

2 weeks ago 15

30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი  მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ძალის გამოყენებით დაარბიეს, რის შედეგადაც 63 პირია დაკავებული, ხოლო უამრავი მომიტინგე დაშავებული. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

„სამოქალაქო საქართველო“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ.

მაიკლ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: პატივცემულო პრემიერ-მინისტრო კობახიძე. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის  ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ. გაიწვიეთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ! არ გაანადგუროთ საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის შუაგულშია!“

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „ძალადობა და დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასოდეს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის“.

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი, ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს: „გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი, რათა უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის ცემა. შეწყვიტეთ ძალადობა და სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. უთხარით, რომ უკან გაიწვიონ რუსული კანონი – არანაირი ლამაზი პროექტები და ბედნიერი სურათები ქართველ ოფიციალურ პირებთან“.

ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი: „იგივე გზას მიყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი: ჯერ სასტიკი ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ, შემდეგ კი დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი“.

მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი: „აღშფოთებული ვარ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის ამსახველი ფოტოებით. ეს არ არის კანონის აღსრულება. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობას, პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიყავს“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა